„ელ-კომერცია პანდემიამ ხუთი წლით მომავალში გადაისროლა“ – Soplidan.ge-ის ისტორია

„ელ-კომერცია პანდემიამ ხუთი წლით მომავალში გადაისროლა“ – Soplidan.ge-ის ისტორია

ფოტო: მირიან მელაძე

2020 წელს, გლობალურად ონლაინშოპინგით გამოკითხული მომხმარებლების 80%-მა ისარგებლა. Statista-ს მონაცემებით, 2 მილიარდზე მეტმა ადამიანმა პროდუქცია ან სერვისი ციფრულ რეჟიმში შეიძინა. გასულ წელსვე ელექტრონულმა რიტეილ-გაყიდვებმა მსოფლიო მასშტაბით 4.2 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ყველასთვის ნათელია, რომ პანდემიამ ელ-კომერცია ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ინდუსტრიად აქცია. ეს ყველაფერი ექვსი წლის წინ, 3000 ლარით დაწყებულმა ქართულმა სტარტაპმა Soplidan.ge-მაც საკუთარ თავზე გამოსცადა. ჩვენს კითხვებს, თუ რა შედეგებს ითვლის და რა პერსპექტივებს ხედავს Soplidan.ge, სტარტაპის ერთ-ერთი შემქმნელი, ნათია ნინიკელაშვილი, პასუხობს:

ნათია, პანდემია თქვენი ბიზნესისთვის სწრაფი ზრდის ხელშემწყობი გამოდგა. რა შედეგები გაქვთ ამ ერთ წელიწადში?

შედეგები მართლაც თვალში საცემი იყო. 2020 წელს 2019 წელთან შედარებით ჩვენი გაყიდვები 4-5-ჯერ გაიზარდა. ზოგადად, ელექტრონული კომერციის მუდმივი გამოწვევაა მომხმარებლის ქცევა, რომელიც მარტივი შესაცვლელი არაა. როცა საქმე ეხება საკვებ პროდუქტებს, ადამიანს უჭირს მათი  დისტანციურად შეძენა. მას აქვს სურვილი, პროდუქტს ხელი მოჰკიდოს, ჩაკბიჩოს, დაყნოსოს, ბაზარში სიარულიც ერთგვარი კულტურაა. ამიტომ ძალიან გვიჭირდა ამასთან ბრძოლა. თუმცა პანდემია დაგვეხმარა, რომ ისინი, ვისაც არ ჰყოფნიდა „გამბედაობა“, რომ საკვები პროდუქტები ონლაინ ეყიდა, იძულებული გახდა, რომ ეს ერთხელ გაებედა და ეცადა. ზოგადად ექსპერტები ამბობენ, რომ ელექტრონული კომერცია პანდემიამ ხუთი წლით მომავალში გადაისროლა. ეს ბიზნესი ისედაც ძალიან სწრაფად ვითარდებოდა, მაგრამ 2020-მა განსაკუთრებული როლი ითამაშა.

ეს ტენდენცია 2021-შიც შენარჩუნდა? რამდენად მიეჩვია მომხმარებელი სოფლის პროდუქტების ონლაინ გამოწერას?

არ იქნება გონივრული, თუ 2020 წელზე ისე ვიმსჯელებთ, როგორც დასკვნების გამოტანის წელზე. ზოგადად ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ბიზნესების ავკარგიანობა იზომება არა იმით, რამდენი იყო მოგება, არამედ იმით, თუ როგორია მისი ზრდის ტემპი. თუ ზრდას აჩვენებ, ესე იგი სწორი გზით მიდიხარ. ამიტომაც 2020 წელი დიდი გამოწვევა იყო. ჩვენი ბიზნესი წლიდან წლამდე იზრდებოდა, ახლა კი ძალიან რთულია, რომ ის მაინც შევინარჩუნოთ, რაც გასულ წელს გვქონდა. ამ წელს იმაზე ვზრუნავთ, რომ ის ხალხი (1500-ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი), რომლებიც 2020-ში შემოგვემატა, შევინარჩუნოთ. ზაფხული ჩვენთვის შედარებით არააქტიური პერიოდია, შემოდგომაზე უფრო გვაქვს აქტიურობა. ამიტომაც სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით უფრო კარგად გამოჩნდება, რა შედეგებზე გავალთ წლის ბოლოსთვის.

როგორია თქვენი მთავარი რიცხვები? შემოსავლები, თანამშრომლები, მომწოდებლები?

დავიწყეთ 15 პროდუქტით და დღეს 350-ზე მეტი ცოცხალი პროდუქტი გვაქვს, რომლებიც სეზონურად იცვლება. არასეზონურ პროდუქტებს ჩვენ არ ვყიდით. პირველ წელს დაახლოებით 100 მომხმარებელი გვყავდა, დღეს უკვე 7000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი გვყავს. თანამშრომლებს რაც შეეხება, ორმა დავიწყეთ, თავიდან ყველაფერი ჩვენ ვიყავით. კახეთიდან დედა მყავდა ჩართული, რომელიც პროდუქტებს გვიგროვებდა. დღეს ჩვენს კომპანიაში 15 ადამიანია დასაქმებული, თუმცა ესეც სეზონურია. პანდემიის დროს, მაგალითად, 19-იც ვიყავით. მომწოდებლების, ფერმერების რაოდენობა კი 300-დან 400-მდეა.

თქვენ ეს საქმიანობა ექვსი წლის წინ წამოიწყეთ. შედგა ხიდი სოფელსა და ქალაქს შორის?

ვფიქრობ, შედგა. მისია, რაც ჩვენს ბიზნესს აქვს,, სრულდება. ამ ხიდის გამტკიცებას მუდმივად ვცდილობთ. ეს ხიდი ფერმერსა და მომხმარებელს ერთმანეთთან აკავშირებს. ეს ბიზნესი მნიშვნელოვანია სოციალური კუთხითაც. ფერმერები ბიზნესის მკეთებელ ადამიანებად რომ იქცნენ, ამაშიც ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენი ურთიერთობა ფერმერთან არ არის მხოლოდ მომყიდა და წავიდა. დღეს ხომ ბიზნესი მხოლოდ ვიყიდე/გავყიდე არ არის. მნიშვნელოვანია, რომ სოციალური პასუხისმგებლობაც აიღო შენს თავზე. ამასთან, ფერმერების განვითარება გრძელვადიანად აისახება ჩვენს ბიზნესზეც. ფერმერს ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას, მაგალითად, როგორ უნდა გააკეთოს ეტიკეტი, სად მივიდეს და ა.შ.

გარდა ამისა, ვინაიდან soplidan.ge უკვე ბრენდად იქცა, გვინდა, ფერმერებს პრომოუშენის მიმართულებით დავეხმაროთ, რათა ისინი უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს. უკვე გადავიღეთ 14 ფერმერი და გავავრცელეთ მათი ვიდეოები, რაც მათ გაყიდვებს და ცნობადობას ნამდვილად დაეტყო.

რაც შეეხება ხიდის მეორე მხარეს მყოფებს, ანუ მომხმარებლებს, ჩვენ მათ შეძენის პროცესს ვუმარტივებთ. ვცდილობთ, ჩვენთან კომუნიკაცია კიდევ უფრო მოქნილი და კომფორტული იყოს. . მომხმარებელს უნდოდა, რომ მალევე მიეღო შეძენილი პროდუქტი, ამიტომ დავამატეთ Glovo და Wolt-ი. გავაკეთეთ ასევე აპლიკაცია და დაახლოებით ერთი თვეა, გაშვებულია. როგორც ვაკვირდები, ძალიან კარგად იყენებენ ამ აპლიკაციას. რაც შეეხება ჩვენს ვებგვერდს, ეს არ არის ჩვეულებრივი ვებგვერდი და პროდუქტის დახლი, ეს არის მომწოდებლების შოურუმი, სადაც ფერმერების გაცნობაც შეგიძლია.

ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები?

ჩვენ თბილისს და მის შემოგარენს ვემსახურებით. სოფლებში არ გვაქვს მიწოდება, და ამის საჭიროება არც არსებობს. ვფიქრობდით რუსთავსა და ბათუმზე, თუმცა ეს შორეული გეგმაა. ჩვენი სეგმენტი საკმაოდ ვიწროა. ესენი არიან მაღალი და საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან, ჰყავთ პატარა შვილები, არიან გურმანები, ასევე არიან ექსპატებიც.

Soplidan.ge საზღვარგარეთაც გზავნის სოფლის ნატურალურ პროდუქციას. საინტერესოა, რომელი ქვეყნებიდან და რა პროდუქტებზეა ძირითადად მოთხოვნა?

პანდემიის დროს „საქართველოს ფოსტასთან“ თანამშრომლობა დავიწყეთ და საბერძნეთში, იტალიასა და ესპანეთში პროდუქტების გაგზავნის სერვისი დავამატეთ. შემდეგ დაემატა კიდევ სამი ქვეყანა: გერმანია, საფრანგეთი და შვეიცარია. თავდაპირველად გათვლა ემიგრანტებზე გავაკეთეთ, ცალკე კატეგორიაც გვაქვს ვებგვერდზე „ემიგრანტებისთვის“. თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ემიგრანტები არ იყენებენ ამ სერვისს. ქართველებიც უგზავნიან აქედან საზღვარგარეთ მცხოვრებლებს. საუბარია იმ პროდუქტზე, რომლებიც გზაში არ ფუჭდება. 100-ზე მეტი პროდუქტი იგზავნება, მათ შორის არის გუდის ყველი, ზეთი, ჩამოსასხმელი ღვინო (ეკომეგობრული პლასტმასის ბოთლებით), ჭაჭა, ჩურჩხელა, ჯემები, მურაბები.

საერთო ჯამში რა რაოდენობის თანხა გაქვთ ჩადებული ამ პლატფორმაში?

3000 ლარით დავიწყეთ. მე და ჩემმა პარტნიორმა 1500-1500 ლარი გავიღეთ. 2021 წლამდე ბანკის ან დონორის არანაირი ინვესტიცია არ გამოგვიყენებია. თუმცა, რადგან ორგანიზაციამ 2020 წელი მოგებით დაასრულა, ამიტომ წელს უკვე საბანკო რესურსი გამოვიყენეთ. თიბისიმ დაგვაფინანსა და შევიძინეთ სასაწყობე ფართი. მანამდე კი ქირით ვიყავით.

რამდენიმე თვის წინ დააანონსეთ, რომ საკუთარი ბიომეურნეობის, ასევე შოურუმის შექმნას გეგმავდით, რა ეტაპზეა ეს გეგმები?

სადაც ჩვენი სასაწყობე ფართია, სწორედ იქ,  ვაჟა-ფშაველას 76-ში ვაპირებთ ფიზიკური მაღაზიის გახსნასაც. ეს იქნება ერთგვარი შოურუმი, რაც მომხმარებლის დაკვეთა იყო. სულ გვეუბნებოდნენ – იქნებ სადმე გვენახა თქვენი პროდუქტი რეალურ რეჟიმშიო. მაღაზია სექტემბერში გაიხსნება. ეს არის ჩვენი მოკლევადიანი გეგმები. 2022 წლიდან უკვე სხვა გეგმებსაც გაგაცნობთ.

სად ხედავთ soplidan.ge-ს ათ წელიწადში?

მე სულ ვხუმრობ, რომ ათ წელიწადში ლონდონის საფონდო ბირჟაზე იქნება ჩვენი კომპანიის აქციები-მეთქი. მაგრამ მეუბნებიან, რომ სულაც არ არის ეს სახუმარო ამბავი. ამბიციები არ გვაკლია, თუმცა ვნახოთ, რა იქნება.

რა გამოწვევებს ხედავთ საქართველოში ელექტრონული კომერციის თვალსაზრისით?

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მთელ ქვეყანაში არ არის ინტერნეტის სრულყოფილი დაფარვა. ელექტრონული კომერციისთვის კი მთავარი სწორედ ინტერნეტია. გამოწვევაა ტექნოლოგიების არქონაც. ზოგადად, ელ-კომერციის ბიზნესი ონლაინმაღაზიასთან ასოცირდება, თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ვებგვერდი და ამაზე ჩვენ მეწარმეებთანაც ვსაუბრობთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციას, მიწოდების სერვისის გამართულობას, საბანკო გადახდების კომფორტულობას და ა.შ. ელექტრონული კომერციის ბიზნესი ისეთია, რომ სულ ვითარდება და მუდამ უნდა მიჰყვე და დაეწიო, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა გადაგასწრებს. თითქოს ეს ბიზნესი კაპიტალურ დანახარჯებს არ საჭიროებს, მაგრამ სამაგიეროდ საჭიროებს მუდმივად ტექნოლოგიურ განახლებას.

მცირე მერჩანტებისთვის ასევე გამოწვევაა ის, რომ კანონმდებლობა არ არის დამუშავებული. ის უფრო მეტად მომხმარებლის დაცვისკენაა მიმართული, ვიდრე ბიზნესების დაცულობისკენ. ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ელექტრონული კომერციის კანონზე. პროცესში ჩართულია დარგობრივი ასოციაციები და ბიზნესსექტორი. ნელ-ნელა დაიძრა ეს საკითხი.

ამ ბიზნესში გამოწვევების გამო 2018 წელს დავაფუძნე ელექტრონული კომერციის ასოციაცია, რომელიც ახლაც აქტიურად მუშაობს. სხვადასხვა პროექტშიც ვიღებთ მონაწილეობას. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) სამაგისტრო კურსიც ჩაგვაბარეს, ანუ განათლების მიმართულებითაც ვმუშაობთ.

როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი, როდესაც მსგავს სტარტაპს იწყებ საქართველოში?

ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ სტარტაპის დასაწყებად დიდი ფულადი რესურსის მობილიზებაა საჭირო. თუმცა პირველი ნაბიჯების დროს ხშირად ყველაფერს შენი ხელით აკეთებ, როგორც მე და ჩემმა პარტნიორმა დავიწყეთ. არავინ დაგვიქირავებია. არც დამლაგებელი, არც მძღოლი და არც მანქანა. ყველაფერი ჩვენ ვიყავით. ჩვენი რესურსით მოვსინჯეთ ყველაფერი. დამწყებებს ასევე რთულად ეჩვენებათ ბიზნესის რეგისტრაციაც. სინამდვილეში ძალიან მარტივია. არ გამოგივა, არც მაგით მოხდება არაფერი. მთავარია, სცადო. ეს არის უდიდესი გამოცდილება. სტუდენტებსაც სულ ამაზე ვესაუბრები.

დაასახელეთ სამი რამ, რაც ანტრეპრენიორის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია…

სამივე არის მოთმინება. ბიზნესი ერთ წელიწადში ვერაფერი ვერ გახდება მოგებიანი. თუ მოგებიანი ხდება, ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებ. სტაბილურად ზრდა მნიშვნელოვანია. როდესაც მცირე თანხით იწყებ, რა ბიზნესი უნდა გქონდეს ისეთი, რომ ერთ წელიწადში მოგებიანი გახადო. ამიტომ საჭიროა მოთმინება, მოთმინება და მოთმინება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *