ელექტროავტომობილების იმპორტი 20-ჯერ გაიზარდა

ელექტროავტომობილების იმპორტი 20-ჯერ გაიზარდა

2017 წელს 9 თვეში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20-ჯერ მეტი ელექტროძრავიანი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა და მათმა რაოდენობამ 467 ერთეული შეადგინა. ამასთან, იზრდება ქვეყანაში ჰიბრიდული სახის ავტომობილებისა და ელექტრომობილების იმპორტი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის 9 თვის შედეგებით მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 46,608 ერთეული შეადგინა.

9 თვის მონაცემებით, ყველა სახის ავტომობილის იმპორტი, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირდა 20 პროცენტით. აღნიშნულს უკავშირებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი საქართველოში საწვავის იმპორტის 7,4%-იან კლებას. კერძოდ, იანვარ-ნოემბრის თვეებში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 979,1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 78,2 ათასი ტონით ანუ 7.4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. კავშირში განმარტავენ, რომ  9 თვის მონაცემებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ჰიბრიდული და ელექტრო ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

კერძოდ, 2017 წელის 9 თვეში საქართველოში განხორციელდა 11,652 ერთეული ჰიბრიდული ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილის იმპორტი, რაც მთლიანად იმპორტირებული ავტომობილების 25 პროცენტს შეადგენს.

2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფიქსირდება 260 პროცენტიანი ზრდა (8,414 ერთეულით მეტი).

2016 წელს ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილების იმპორტი შეადგენდა 3,238 ერთეულს, რაც მთლიანი იმპორტის მხოლოდ 5 პროცენტი იყო.

საქართველოში 2017 წელს იმპორტირებული ყოველი მეოთხე ავტომობილი არის ჰიბრიდული ძრავით.