საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნების ეკონომიკური მონაცემები განაახლა, რომლის მიხედვით 2015 წელს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 3720 დოლარი იქნება. აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველო სავალუტო ფონდის 186 წევრ ქვეყანას შორის 115-ე ადგილს იკავებს. 114-ე ადგილზე შრი ლანკაა 3769 დოლარით, ხოლო 116-ზე სომხეთი 3547 დოლარით. 2014 წელს საქართველო 105-ე ადგილზე იყო. პოზიციის გაუარესება ლარის გაუფასურებამ და სხვა ქვეყნებში დაფიქსირებულმა უკეთესმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა.
ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქვეყანა ლუქსემბურგია, სადაც ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 103 ათასი დოლარია, მეორე ადგილზე შვეიცარიაა 82 ათასი დოლარით, ხოლო მესამეზე ყატარი 79 ათასი დოლარით. ყველაზე ღარიბი ქვეყანა ბურუნდია, ერთ სულ მოსახლეზე წლიური 315 დოლარი შემოსავლით.
თუ ვნახავთ მონაცემებს ე.წ. მსყიდველობითი უნარის პარიტეტით (PPP), რომელიც ითვალისწინებს ქვეყნებში ფულის მსყიდველობითი უნარის სხვადასხვა დონეს, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე 9566 დოლარის შემოსავლით მსოფლიოში 107-ე ადგილზეა. 2014 წელსაც 107-ე ადგილზე იყო. აღნიშნული მეთოდოლოგიით, პირველ ადგილზე ყატარია 133 ათასი დოლარით, ხოლო მეორეზე ლუქსემბურგი 101 ათასი დოლარით, მესამეზე კი სინგაპურია 85 ათასი დოლარით. ყველაზე ღარიბი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა ერთ ადამიანზე 637 დოლარის წლიური შემოსავლით.