ევროპარლამენტის კვლევითმა ორგანიზაციამ, „ევრობარომეტრმა“, 2025 წლის ზამთრის ანგარიში გამოაქვეყნა. გამოკითხვა, რომელიც 2025 წლის 9 იანვრიდან 4 თებერვლამდე პერიოდში ჩატარდა, ევროკავშირის მოქალაქეების მხრიდან ორგანიზაციის წევრობისადმი დამოკიდებულებას, მათ პრიორიტეტებსა და მოთხოვნებს აფასებს.
„ევრობარომეტრის“ შედეგების თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეების 66% გლობალური კრიზისებისა და უსაფრთხოების რისკებისგან თავდაცვაში ევროკავშირის როლის ზრდას ემხრობა. ეს მოსაზრება განსაკუთრებით გამოკვეთილი ახალგაზრდა რესპონდენტებს შორისაა. გარდა ამისა, ევროკავშირის მოქალაქეების თითქმის მეოთხედი (74%) მიიჩნევს, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირის წევრობით სარგებელს იღებს. ეს მონაცემი, 1983 წლის „ევრობარომეტრის“ გამოკითხვაში ამ კითხვის ჩამატების შემდეგ ყველაზე მაღალია.
აღნიშნულ კონტექსტში, რესპონდენტები ევროკავშირის წევრობის ერთ-ერთ მთავარ ბენეფიტად მშვიდობის შენარჩუნებასა და უსაფრთხოების განმტკიცებაში (35%) ორგანიზაციის წვლილს ასახელებენ.
„ევრობარომეტრის“ 2025 წლის კვლევით, ევროკავშირის მოქალაქეების 89%, მიმდინარე გლობალური გამოწვევების წინაშე, წევრი ქვეყნების გაერთიანების აუცილებლობაზე თანხმდება. ამასთან ერთად, გამოკითხულთა 76% მიიჩნევს, რომ ევროკავშირს სჭირდება მეტი საშუალება მომავალი გამოწვევების დასაძლევად.
ანგარიშის თანახმად, ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში თავდაცვა და უსაფრთხოება (36%), ასევე კონკურენტუნარიანობა, ეკონომიკა და მრეწველობა (32%) იმ სფეროებად განიხილება, რომლებზეც ევროკავშირმა თავისი გლობალური პოზიციების გასაძლიერებლად ყურადღება უნდა გაამახვილოს. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების შედეგები 2024 წლის თებერვალ/მარტთან შედარებით, თითქმის უცვლელია, კონკურენტუნარიანობის, ეკონომიკისა და მრეწველობის შემთხვევაში ხუთი პუნქტით გაიზარდა. აღნიშნულ მიმართულებებს მოსდევს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა (27%), სასურსათო უსაფრთხოება და სოფლის მეურნეობა (25%) და განათლება და კვლევა (23%).
ევროკავშირის მოქალაქეებისთვის პრიორიტეტულ თემებს შორის ხვდება ეკონომიკა და უსაფრთხოების საკითხები. ათიდან ოთხი ევროპელი ასახელებს ინფლაციას, მზარდ ფასებს და ცხოვრების ღირებულებას (43%), რასაც მოჰყვება თავდაცვა და უსაფრთხოება (31%), სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის წინააღმდეგ ბრძოლა (31%) და ეკონომიკის მხარდაჭერა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა (29%).
ანგარიში, ისტორიული პარალელებისთვის ხაზს უსვამს ფაქტს, რომ კრიზისის დროს მოქალაქეები გადამწყვეტი ქმედებებისა და გადაწყვეტილების მისაღებად ევროკავშირს მიმართავენ. როდესაც საქმე გაერთიანებას ეხება, მხარდაჭერის მაჩვენებლები მაღალია. გამოკითხულთა 50% ევროკავშირს დადებითაც აფასებს. ბოლო ათწლეულში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი (52%) მხოლოდ 2022 წლის გაზაფხულზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იყო.
ანგარიშის შედეგებს გამოეხმაურა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა: „ევროპელების ორ მესამედს სურს, რომ ევროკავშირმა უფრო მეტი ძალისხმევა გასწიოს მათი დაცვისთვის. ეს არის მკაფიო მოწოდება მოქმედებისკენ, რომელსაც ჩვენ ვუპასუხებთ. ევროპა უნდა იყოს უფრო ძლიერი, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა თავი დაცულად იგრძნონ“.