ამერიკულმა Forbes-მა 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოთამაშეების რეიტინგი გამოაქვეყნა. უახლესი მონაცემებით, რეიტინგის პირველი 15 პოზიციიდან, თერთმეტზე აშშ-ის ქალთა ნაკრების მოთამაშეები არიან წარმოდგენილნი – სიის ლიდერები კი USWNT-ის ვეტერანები ალექს მორგანი და მეგან რაპინოუ არიან, უკანასკნელ 12 თვეში გამომუშავებული $7-$7 მილიონით.
Forbes-ის რეიტინგი აერთიანებს მოთამაშეების მიერ ბოლო 12 თვეში როგორც მოედანზე, ასევე მოედნის ფარგლებს გარეთ პარტნიორობებით, ლიცენზირებით, სუვენირებით გამომუშავებულ თანხას, ასევე წილს ბიზნესში. Forbes-ის რეიტინგში წარმოდგენილნი არ არიან მოთამაშეები, რომლებიც მიმდინარე წლის ჩემპიონატზე ტრავმების გამო გუნდის განაცხადში ვერ მოხვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილის მიერ გასულ წელს გამომუშავებულმა თანხამ $1 მილიონს გადააჭარბა.
ამერიკელებს, გასული წლის მაისში, აშშ-ის ფეხბურთის ასოციაციასთან გაფორმებული საეტაპო კოლექტიური მოლაპარაკებები ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, სხვა ქვეყნების გუნდებთან შედარებით, მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვთ. ხელშეკრულების საფუძველზე, მამაკაცთა და ქალთა გუნდებს შორის საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობიდან, კომერციული შემოსავლებიდან და სათამაშო ბონუსებიდან მიღებული ანაზღაურებები გათანაბრდა.
ამავდროულად, აშშ-ის მამაკაცთა და ქალთა გუნდებს მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო თანხის საერთო ფონდი აქვთ, რისი გათვალისწინებითაც, კატარის მსოფლიო ჩემპიონატში აშშ-ის მამაკაცთა საფეხბურთო გუნდის მერვედფინალში გასვლიდან, ქალთა გუნდი დამატებით $6.4 მილიონს მიიღებს.
გარდა ამისა, ბოლო წლებში ქალთა ფეხბურთით ბრენდების დაინტერესებაც მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. Forbes-ის შეფასებით, მსოფლიო ჩემპიონატზე, ექვსი ამერიკელის მიერ მოედნის ფარგლებს გარეთ გამომუშავებული თანხა $1 მილიონს გადააჭარბებს. სხვა ქვეყნიდან კი რეიტინგში მსგავსი შემოსავლის მქონე მოთამაშე მხოლოდ ესპანელი ალექსია პუტელიასია, რომელიც მხოლოდ მოედნის ფარგლებს გარეთ $3.2 მილიონს გამოიმუშავებს.
ცნობისთვის, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო თანხა, 2019 წლის $30 მილიონიდან თითქმის გაოთხმაგდა და $110 მილიონამდეა გაზრდილი. მართალია, საპრიზო თანხიდან ნახევარი მოთამაშეებზე ნაწილდება და არა მათ ფედერაციებზე, ქალთა ჩემპიონატის საპრიზო თანხა ოთხჯერ ნაკლებია, ვიდრე მამაკაცთა საპრიზო ფონდი.
თუმცა FIFA იმედოვნებს, რომ 2027 წლისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე გენდერული ნიშნით ანაზღაურებებს შორის არსებული სხვაობა აღმოიფხვრება. პარალელურად კი ფაქტია, რომ ბილეთების გაყიდვები და მაყურებელთა რაოდენობაც იზრდება, გასულ კვირაში აშშ-ის ფეხბურთის სპონსორმა Visa-მ განაცხადა, რომ კომპანიის ინვესტიციების 50% ქალთა გუნდებსა და საფეხბურთო ინიციატივებს მოხმარდება.
წარმოგიდგენთ 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე მაღალშემოსავლიან მოთამაშეებს:
- ალექს მორგანი – $7.1 მილიონი: ამერიკის შეერთებული შტატები
მოედანზე: $0.8 მილიონი; მოედნის გარეთ: $6.3 მილიონი
- მეგან რაპინოუ – $7 მილიონი: ამერიკის შეერთებული შტატები
მოედანზე: $0.7 მილიონი; მოედნის გარეთ: $6.3 მილიონი
- ალექსია პუტელიასი – $4 მილიონი: ესპანეთი
მოედანზე: $0.8 მილიონი; მოედნის გარეთ: $3.2 მილიონი
- ტრინიტი როდმანი – $2.3 მილიონი: ამერიკის შეერთებული შტატები
მოედანზე: $0.8 მილიონი; მოედნის გარეთ: $1.5 მილიონი
- კრისტალ დანი – $2 მილიონი: ამერიკის შეერთებული შტატები
მოედანზე: $0.7 მილიონი; მოედნის გარეთ: $1.3 მილიონი
- ჯული ერცი – $2 მილიონი: ამერიკის შეერთებული შტატები
მოედანზე: $0.7 მილიონი; მოედნის გარეთ: $1.3 მილიონი
- სოფია სმიტი – $2 მილიონი: ამერიკის შეერთებული შტატები
მოედანზე: $0.8 მილიონი; მოედნის გარეთ: $1.2 მილიონი
- ლინდსი ორანი – $1.5 მილიონი: ამერიკის შეერთებული შტატები
მოედანზე: $0.9 მილიონი; მოედნის გარეთ: $0.6 მილიონი
- როუზ ლაველი – $1.4 მილიონი: ამერიკის შეერთებული შტატები
მოედანზე: $0.8 მილიონი; მოედნის გარეთ: $0.6 მილიონი
- სოფია ჰუერტა – $1.3 მილიონი: ამერიკის შეერთებული შტატები
მოედანზე: $0.8 მილიონი; მოედნის გარეთ: $0.5 მილიონი
- ადა ჰებერბერგი – $1.2 მილიონი: ნორვეგია
მოედანზე: $0.6 მილიონი; მოედნის გარეთ: $0.6 მილიონი
- ქლოი კელი – $1.2 მილიონი: ინგლისი
მოედანზე: $0.4 მილიონი; მოედნის გარეთ: $0.8 მილიონი
- სემ კერი – $1.2 მილიონი: ავსტრალია
მოედანზე: $0.6 მილიონი; მოედნის გარეთ: $0.6 მილიონი
- კელი ო’ჰარა – $1.2 მილიონი: ამერიკის შეერთებული შტატები
მოედანზე: $0.7 მილიონი; მოედნის გარეთ: $0.5 მილიონი
- ალისა ნიჰერი – $1.1 მილიონი: ამერიკის შეერთებული შტატები
მოედანზე: $0.8 მილიონი; მოედნის გარეთ: $0.3 მილიონი