ქართული მედიაბაზრის წამყვანი ბიზნესგამოცემები მკითხველს უახლოეს მომავალში ახალ, სპეციალურ ნომერს წარუდგენენ. „ადამიანური რესურსების მენეჯმენტი“ Forbes Georgia-სა და Forbes Woman Georgia-ს თანამშრომლობით მომზადებული პირველი პროფესიული ჟურნალია. ჟურნალის მოწვეული რედაქტორი GGU-ს ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ადმინისტრაციული მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან სანიკიძე იქნება.
ადამიანური რესურსების მართვა ბიზნესის განვითარებისა და წარმატების ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს. თანამედროვე ბიზნესგარემოში დღითიდღე იზრდება ადამიანური რესურსების მართვის სფეროს როლი და მნიშვნელობა.
ადამიანურ რესურსების მართვა, ისევე როგორც ზოგადად ბიზნესი, უკანასკნელი წლების განმავლობაში განიცდის სისტემურ და გლობალურ ცვლილებებს, მკვიდრდება ახალი ტრენდები. განსაკუთრებით დიდი გამოწვევის წინაშე დარგი პანდემიურ რეალობაში დადგა – სრულიად შეიცვალა აპრობირებული და დამკვიდრებული ტენდენციები და გლობალური მიდგომები.
სწორედ ამიტომ, Forbes Georgia-სა და Forbes Woman Georgia-ს ერთობლივი ინიციატივით მიმდინარე წლიდან, ყოველწლიურად გამოიცემა ადამიანური რესურსების მართვის სფეროს შესახებ სპეციალური გამოცემა. „ადამიანური რესურსების მენეჯმენტი“ სრულად დაეთმობა ადამიანური რესურსების მართვასა და მის როლს ბიზნესში.
სპეციალური გამოცემის მიზანია, აუდიტორიას გაუზიაროს ინფორმაცია დარგში მიმდინარე თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების, სფეროს მოწინავე ტენდენციების, სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ.
გამოცემა შესაძლებლობას მოგცემთ, გაეცნოთ ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტებისა და წამყვანი სპეციალისტების მიგნებებს, დაკვირვებებსა და საქართველოში არსებულ წარმატებულ პრაქტიკებს.
ასევე, გამოცემა შესაძლებლობას მოგცემთ, მიიღოთ ინფორმაცია იმ ტენდენციებზე, რომელთა მიხედვითაც იმართება დღეს საქართველოს შრომის ბაზარი; და სტანდარტებზე, რომელთა გამოყენებითაც ხდება სამუშაოს ორგანიზება ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნეს პრაქტიკაში.
გამოცემის სპეციალური რუბრიკა დაეთმობა ადგილობრივ შრომის ბაზარზე ადამიანური რესურსების მართვის სფეროს სისტემებსა და პოლიტიკებს, მათი ადაპტაციისა და ასიმილაციის სტრატეგიებს გლობალური ტრენდებით გამოწვეულ სიახლეებთან და, ასევე, ცვლილებების ტენდენციებს.
წამყვანი კომპანიების ადამიანური რესურსების მიმართულების ექსპერტები მკითხველებს რეალური მაგალითებით გაუზიარებენ ადამიანური რესურსების მართვის სფეროში არსებულ მთავარ გამოწვევებს, სირთულეებსა და წარმატებულ პრაქტიკას.
„ჩვენი ამოცანაა, დარგის სპეციალისტებს, ბიზნეს საზოგადოებას და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს დარგში დაგროვილი წარმატებული გამოცდილება გავაცნოთ საქართველოში მოქმედი წამყვანი კომპანიების მაგალითზე. გავუზიაროთ მიდგომები იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოხდეს კომპლექსური გამოწვევების ეფექტური გადაჭრა პრაქტიკაში და, რას ნიშნავს საკითხის მაღალკვალიფიციური გადაწყვეტა; ჩვენი სურვილია, შევქმნათ წარმატებულად დანერგილი და განხორციელებული მეთოდოლოგიების, სისტემების, თეორიებისა და მიგნებების ურთიერთგაზიარების შესაძლებლობა.“ – რუსუდან სანიკიძე, GGU-ს ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ადმინისტრაციული მიმართულების ხელმძღვანელი, სპეციალური ნომრის რედაქტორი.
„მოხარული ვართ, რომ მსგავსი მედია კოლაბორაცია შედგა და ქართველი მკითხველი უახლოეს მომავალში შეძლებს სხვადასხვა დარგში წაიკითხოს პროფესიონალური და ამომწურავი ანალიტიკური ინფორმაცია თუ მოსაზრება. ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სპეციალური გამოცემა ამ სერიაში პირველი იქნება, თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია იმ საინტერესო პროექტის, რომელსაც Forbes Georgia-სთან თანამშრომლობით ვავითარებთ.“ – აღნიშნავენ Forbes Woman Georgia-ს რედაქციაში.
Forbes Georgia-სა და Forbes Woman Georgia-ს აღნიშნული ერთობლივი ინიციატივა პირველი სპეციალური პროექტია სერიაში, რომელიც სრულად დაეთმობა სხვადასხვა ინდუსტრიასა და პროფესიულ ჯგუფებს. გამოცემები უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარუდგენენ სხვა სპეციალური გამოცემებსაც.