გაიტანა თუ არა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღი?

გაიტანა თუ არა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღი?

აშშ-ის მიერ მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, რუსეთი კოსმოსში ბაზირებად ბირთვულ იარაღს ქმნის. თუმცა, რა არის კონკრეტულად პენტაგონის მიერ გავრცელებული გაფრთხილება აღნიშნული ბირთვული იარაღის შესახებ და რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას მან ამერიკულ და ევროპულ სატელიტებს კოსმოსში? – ამაზე სტატიაში გესაუბრებით.

რა სახისა და მახასიათებლების არის მსგავსი ბირთვული იარაღი, ასევე ზოგადად არსებობს თუ არა ის – უცნობია. თუმცა, თუკი მას სატელიტებისათვის საფრთხის შექმნა შეეძლება, დამაზიანებელი შედეგი დიდი იქნება. პოტენციურად მსგავსი შეიარაღება საფრთხეს შეუქმნის საკომუნიკაციო სისტემებს, სამეთვალყურეო-სათვალთვალო მოწყობილობებს, სადაზვერვო დანიშნულების სისტემებს და მართვისა და კონტროლის ინფრასტრუქტურას.

საინტერესოა, თუ რატომ სჭირდება რუსეთს სატელიტების გასანადგურებლად ბირთვული იარაღი მაშინ, როდესაც აშშ-ს კოსმოსში მსგავსი ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო შესაძლებლობები არ გააჩნია. თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთის მთავრობამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც კონკრეტულ სამხედრო გადაწყვეტილებაში გამოიხატა.

რა ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის ხელისუფლება პენტაგონზე დაყრდნობით?

აშშ-მა რუსეთის ახალი ბირთვული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია კონგრესსა და პარტნიორებს მიაწოდა. საკითხთან დაახლოებული პირების მიერ მედიასააგენტოებისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საფრთხე მყისიერი არ არის, თუმცა პოტენციურად შესაძლოა, დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. მათი ინფორმაციით, საფრთხე კოსმოსსა და სატელიტებს უკავშირდება. სხვადასხვა ავტორიტეტული გამოცემის  ინფორმაციით კი, საკითხი რუსეთის მიერ კოსმოსში ბაზირებადი ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას ეხება.

თავდაპირველად საფრთხის შესახებ საჯარო განცხადება აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა მაიკ ტერნერმა გაავრცელა. მან, დაშიფრული განცხადებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საკითხის დეკლასიფიცირებისკენ მოუწოდა, თუმცა დამატებითი დეტალების გამჟღავნებისაგან თავი შეიკავა.

„მე ვთავაზობ პრეზიდენტ ბაიდენს, აღნიშნულ საფრთხესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია განასაიდუმლოს, რათა კონგრესმა, ადმინისტრაციამ და პარტნიორებმა შესაბამისი ზომების მიღების შესახებ ღიად ვიმსჯელოთ“, – ნათქვამია მაიკ ტერნერის განცხადებაში.

აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ ახსენა, რომ საფრთხე უცხოური სამხედრო შესაძლებლობებიდან მოდის და მას დესტაბილიზაციის უნარი შესწევს. პენტაგონის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა რამდენიმე დღის წინ Soyuz-2-1v-ტიპის რაკეტით, რომელიც გადამზიდი დანიშნულებით გამოიყენება, კოსმოსში ბირთვული მუხტი გაიტანა. 9 თებერვალს რუსეთის მიერ კოსმოსში გაგზავნილ სამხედრო ტვირთთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, პლესეცკის კოსმოდრომიდან გაშვებული Soyuz-2-1v-ტიპის რაკეტამ კოსმოსში სამინისტროს ტვირთი წაიღო. ცნობისთვის, იმავე ტიპის რაკეტა კოსმოსში რუსეთმა ბოლოს გასული წლის 27 დეკემბერს გაუშვა.

არის თუ არა ამჟამად კოსმოსში რუსული ბირთვული იარაღი?

მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციებისა, მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირების განცხადებებით, ამჟამად ბირთვული იარაღი ორბიტაზე არ შეინიშნება და ეს ინფორმაცია არაზუსტია.

რუსეთი და აშშ ბირთვული ქობინების ყველაზე დიდ რაოდენობას ფლობენ. ბირთვული არსენალის გლობალური წილის 90% სწორედ ამ ორ სახელმწიფოზე მოდის. ორ ქვეყანას დედამიწის ორბიტაზე მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების მქონე სატელიტებიც აქვს, ცივი ომის დროინდელი გამალებული შეიარაღების ეპოქაში კი მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ბირთვულ მუხტებს კოსმოსში არ განათავსებდნენ. 1967 წლის კოსმოსის შეთანხმება ორბიტაზე ან კოსმოსში მასობრივი განადგურების იარაღის განთავსებას კრძალავს.

თუმცა, როგორც ჩანს, არსებული სტატუს კვო შესაძლოა შეიცვალოს და რუსეთმა კოსმოსში ბაზირებადი ბირთვული იარაღი შექმნას.

რა განცხადებებს ავრცელებს რუსეთი?

თავად რუსეთი კოსმოსში ბირთვული მუხტის გატანის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. თუმცა კრემლი აშშ-ის განცხადებებს ფაბრიკაციას უწოდებს, რომლის მიზანიც ამერიკელი პოლიტიკოსების დარწმუნებაა უკრაინის დახმარების გეგმის დასამტკიცებლად.

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განმარტებით, თეთრი სახლის მიერ კონკრეტული ბრალდებისა და ინფორმაციის გავრცელებამდე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.