გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები გავლენას განახლებადი ენერგიის განვითარებასა და ფასებზეც ახდენს. გასულ კვირას LevelTen Energy-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევით დადგინდა, რომ უკრაინის ომის ფონზე განახლებადი ენერგიის ფასებმა ზრდა დაიწყო, თუმცა მაღალი ფასის მიუხედავად, მასზე მოთხოვნა არ შემცირებულა.

გარდა ამისა, უკრაინა-რუსეთის ომიდან გამომდინარე, ქვეყნების ნაწილმა რუსული გაზის იმპორტზე უარი თქვა და ბირთვული ენერგიის განვითარება გადაწყვიტა. ბულგარეთმა და საბერძნეთმა მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს, თურქეთმა კი ახალი ბირთვული რეაქტორების მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო.

მიუხედავად განახლებადი ენერგიის გამოყენების ზრდისა, რასაც მსხვილი კომპანიებისა და ქვეყნების მიერ გადადგმული ნაბიჯებიც უწყობს ხელს, ექსპერტების ვარაუდით, მიმდინარე საუკუნეში ტემპერატურული ზრდის შენარჩუნება მხოლოდ 2C°-მდე იქნება შესაძლებელი. ამის პარალელურად, ძლიერი გვალვებია აღმოსავლეთ აფრიკაში, ხოლო თურქი ექსპერტები შავი ზღვის ტემპერატურის ზრდის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

ამ სიახლეებთან ერთად კი აღსანიშნავია Stripe-ის, Alphabet-ის, Meta-ს, Shopify-სა და McKinsey-ის ახალი ინიციატივა და Apple-ის ძალისხმევაც, რომელიც თავის  მომწოდებლებს განახლებადი ენერგიის გამოყენებისგან უბიძგებს.

უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე განახლებადი ენერგიის ფასები იზრდება

მიწოდების ჯაჭვის „ქაოსურობისა“ და ხარჯების ზრდის ფონზე, მთავარ გლობალურ ბაზარზე ქარისა და მზის ენერგიის ფასები წელიწადში თითქმის 30%-ით გაიზარდა. გლობალურ ბაზარზე მსგავსი ტიპის შეფერხებები კოვიდ-19-ის პერიოდში საგრძნობლად გახშირდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ კი სიტუაცია გაუარესდა.

LevelTen Energy-ის კვარტალური ინდექსის თანახმად, გასულ წელს განახლებადი ენერგიის ფასები ჩრდილოეთ ამერიკაში – 28.5%-ით, ხოლო ევროპაში 27.5%-ითაა მომატებული. მაშინ, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, კლიმატური კრიზისის თავიდან ასაცილებლად, მსოფლიოს სუფთა ენერგიაზე სწრაფი გადასვლისკენ მოუწოდებს, გაზრდილი ხარჯები შესაძლოა, განახლებად ენერგიაზე მოთხოვნის შემცირების მიზეზი გახდეს.

აღსანიშნავია, რომ ევროპამ, უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო, რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება გადაწყვიტა, რაც განახლებადი ენერგიის ზრდის მიზეზიც გახდა. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მყიდველებს განახლებადი ენერგიის შესყიდვისკენ უბიძგებს, წიაღისეული საწვავის მზარდი ღირებულებაა. სავარაუდოა, რომ ევროპაში განახლებად ენერგიაზე მაღალი ფასები და კონტინენტის ამბიციური კლიმატური პოლიტიკა მწვანე წყალბადისა და ბიოსაწვავის მსგავსი ძვირადღირებული ტექნოლოგიების მიმზიდველობას გაზრდის.

LevelTen-ის ინფორმაციით, ფასების ზრდის მიუხედავად, განახლებად ენერგიაზე მოთხოვნა არ შემცირებულა. კომპანიის მიერ ჩატარებულ კვლევაში, გამოკითხულთა 75%-მა განაცხადა, რომ მათი კლიენტების უმრავლესობამ განახლებადი ენერგიის შესყიდვის გეგმები შეინარჩუნა, ან უფრო მეტიც, გაზარდა კიდევაც. გამოკითხვაში მდგრადობისა და ენერგეტიკის 21 კონსულტანტი მონაწილეობდა.

COP26-ის დაპირებები გლობალური ტემპერატურის ზრდას 2C°-მდე შეინარჩუნებს

უახლესი ანალიზის თანახმად, გლაზგოში COP26-ზე გაკეთებული ნახშირბადის შემცირების დაპირებები ამ საუკუნეში ტემპერატურის გლობალურ ზრდას 2C°-მდე შეინარჩუნებს. კვლევის მიხედვით, თუ ყველა ქვეყნის მიერ დადებული კლიმატური პირობა „სრულყოფილად და დროულად“ შესრულდება, საუკუნის განმავლობაში გლობალური ტემპერატურა 1.9-2C°-ით გაიზრდება.

Melbourne-ის უნივერსიტეტის პროფესორისა და კვლევის ავტორის განცხადებით, ეს პირველი ნაშრომია, რომელიც ყველა გეგმის შესრულების შემთხვევაში, გლობალური ტემპერატურის მატების 2C°-მდე შენარჩუნების შანსს 50%-ით აფასებს. მიუხედავად ამისა, ავტორი COP21-ის პარიზის შეთანხმების მიხედვით ტემპერატურული ზრდის 1.5C°-მდე შენარჩუნების აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას, რისთვისაც განვითარებად ქვეყნებს მნიშვნელოვანი ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდებათ.

თუმცა, ახალი კვლევით, განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერის შემთხვევაშიც პარიზის ხელშეკრულებით განსაზღვრული ტემპერატურული ზრდის 1.5C°-მდე შენარჩუნების შანსი მხოლოდ 6-10%-ია. გასულ ნოემბერში, გლაზგოში გამართულ შეხვედრაზე, ქვეყნების წარმომადგენლებმა, ნახშირბადის გამონაბოლქვის შესამცირებლად და ტემპერატურული ზრდის 1.5C°-ზე შენარჩუნებისთვის, კლიმატური გეგმების გაუმჯობესების საკითხი განიხილეს. თუმცა საკითხავია, ქვეყნების ძალისხმევა იქნება თუ არა საკმარისი კლიმატური ცვლილებების დამღუპველი შედეგების თავიდან ასაცილებლად.

მეცნიერების დასკვნით,  1.5C°-ზე მაღლა ტემპერატურის გლობალური მატება საშიშროებას წარმოადგენს მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი პატარა კუნძულოვან და განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. ახალი კვლევის ავტორებმა ქვეყნების მიერ 2030 წლისთვის შესასრულებლად დადებული გეგმები განიხილეს. ზომების მიღების გარეშე ამ საუკუნეში ტემპერატურამ 2.6C°-ით უნდა მოიმატოს, რასაც დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ათობით მილიონი ადამიანისთვის მსოფლიოში.

ბულგარეთმა და საბერძნეთმა ბირთვულ პროექტზე მოლაპარაკებებისას პროგრესს მიაღწიეს

ბულგარეთმა და საბერძნეთმა ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს. თუმცა ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის აღების საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება.

ქვეყნებს შორის ატომური სადგურის მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. პროექტის იდეა პირველად 22 თებერვალს, ბულგარეთის ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის, ასენ ვასილევის საბერძნეთიდან დაბრუნების შემდგომ გაჟღერდა. ვასილევის განცხადებით, მიზანი საბერძნეთთან, ბულგარეთის ბირთვული ენერგიის გამოყენების შესახებ, მინიმუმ 20-წლიანი ხელშეკრულების გაფორმებაა.

EURACTIV-ის ინფორმაციით, ათენი და სოფია 12-თვიან საექსპერტო კვლევას ელიან, რა პერიოდშიც ბულგარეთის მმართველ კოალიციას ახალ ატომურ ელექტროსადგურზე შეთანხმება მოუწევს. ვასილევის განცხადებით, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. თუმცა ეს შეუძლებელია, რადგან მშენებლობა გარკვეულ ვადებს ექვემდებარება და მინიმალურ ვადად 6-8 წელიწადია განსაზღვრული. გარდა ამისა, ჯერჯერობით, პროექტის ღირებულებაც არ დადგენილა.

ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდარ ნიკოლოვის განცხადებით, პროექტის დაჩქარებულ ვადებში აშენება მხოლოდ კოზლოდუის არსებულ ატომურ ელექტროსადგურზეა შესაძლებელი. როგორც გასულ თვეში გახდა ცნობილი, ბულგარეთის მთავრობა კოზლოდუიზე, სულ მცირე, ერთი ატომური რეაქტორის მშენებლობას გეგმავდა. პროექტის მიმდინარე წელს დაწყების შემთხვევაში, რეაქტორი 2028-2030 წლებისთვის დაიწყებს ფუნქციონირებას. ამჟამად კოზლოდუის ბირთვულ ელექტროსადგურზე სულ ორი მოქმედი ატომური რეაქტორია წარმოდგენილი.

რაც შეეხება ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში პასუხისმგებლობის აღებას,  როგორც EURACTIV-ს საკითხთან დაკავშირებულმა წყარომ განუცხადა, ბირთვული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ ვენის კონვენციის თანახმად, არ არსებობს ზუსტი სქემა, რომლის მიხედვითაც პასუხისმგებლობა სახელმწიფოებზე პროპორციულად გადანაწილდება.  აუცილებელია, დაზუსტდეს მექანიზმი, რომელიც საბერძნეთს პროექტში ჩართავს – როგორც აუქციონერის, ანდაც ელექტროენერგიის შემსყიდველის როლით.

თურქეთი ახალი ბირთვული რეაქტორების მშენებლობას გეგმავს

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ალფარსლან ბაირაქტარის განცხადებით, თურქეთმა ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, სტაბილური მიწოდების უზრუნველსაყოფად და ბაზრის პროგნოზირებადობის გასაზრდელად ადგილობრივი წყაროების გამოყენება უნდა გაზარდოს.

ბაირაქტარის ინფორმაციით, სამ ობიექტზე თორმეტი დიდი ბირთვული რეაქტორის მშენებლობა უკვე დაანონსდა, თუმცა საჭიროება ბევრად უფრო მაღალია. ანკარაში გამართულ ევრაზიის მცირე მოდულური რეაქტორის ფორუმზე ბაირაქტარმა განაცხადა, რომ თურქეთი  ოთხი ფართომასშტაბიანი ბირთვული რეაქტორის მშენებლობაზე მოლაპარაკებებს ჩინეთთან აწარმოებს.

ქვეყნის პირველ ბირთვულ ელექტროსადგურ Akkuyu-ზე, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე შენდება, პირველი რეაქტორი მომავალ წელს ამოქმედდება. ქარხანას რუსეთის სახელმწიფო ბირთვული ენერგოფირმა Rosatom-ი აშენებს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 2010 წელს გაფორმდა, მშენებლობა კი 2018 წელს დაიწყო. ქარხანა   ყოველწლიურად  35 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და  შიდა ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით 10%-ს დააკმაყოფილებს.

ამას გარდა, თურქეთი შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის სისტემაში დამატებასაც ელის. ქვეყნის პირველმა საბურღმა ხომალდმა Fatih-მა, 2020 წლის აგვისტოში, შავ ზღვაში, საკარიას გაზის საბადოში 540 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აღმოაჩინა. გაზის ხმელეთზე გადატანა შავი ზღვის ქვეშ მილსადენის განთავსებით მოხდება. ანკარას სურს, გაზის მიწოდება საბადოდან მთავარ ქსელში 2023 წლიდან დაიწყოს, პლატოზე მდგრადი წარმოება კი 2027-2028 წლიდან იგეგმება.

თურქეთის ენერგოიმპორტში რუსეთის წილი ენერგოწყაროების დივერსიფიკაციის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა. რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირება აზერბაიჯანის ახალმა ბუნებრივმა მილსადენმა, Trans Anatolian Natural Gas Pipeline-მა, ასევე თხევად ბუნებრივ აირში (LNG), გაზის შენახვასა და განახლებად ენერგიაში ინვესტირებების გაძლიერებამ განაპირობა. თუმცა LNG-ის ფასების ზრდამ რუსეთის ბუნებრივი აირის ექსპორტი თურქეთში, 2019-2020 წლების 33%-დან, გასულ წელს 40%-მდე გაზარდა.

თურქი ექსპერტები: კლიმატური ცვლილებების ფონზე შავი ზღვის ტემპერატურა იზრდება

შავი ზღვის მკვლევარი მეცნიერები ზღვის წლის ტემპერატურის 2C°-იანი მატებით არიან შეშფოთებულნი. თურქეთის ზღვისპირა რეგიონებში წყალდიდობებისა და მეწყრების ესკალაციისას, ტემპერატურული მატება კლიმატის კრიზისითაა გამოწვეული, რაც თურქეთის სხვა რეგიონებში გვალვებს განაპირობებს.

თურქი ექსპერტების ცნობით, მარტში შავი ზღვის ტემპერატურა 9.5-10 C°იყო, მაშინ როდესაც, მარტის თვეში ზოგადად ტემპერატურა 8.1C°-ით შემოიფარგლებოდა. წყალდიდობებისა და მეწყრის გამომწვევი უპრეცედენტო წვიმა, ჩვეულებრივ შავი ზღვის წვიმიანი რეგიონების საერთო მახასიათებელია. კლიმატური ცვლილებების შედეგად, გასულ კვირას, რეგიონებში ტემპერატურამ 32C°-ს მიაღწია, რაც სეზონურ ნორმებს მნიშვნელოვნად აღემატება. ზამთარში დაგროვილი თოვლის მკვრივი ფენის დნობამ კი რეგიონში მეწყერი გამოიწვია.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ზღვის საშუალო ტემპერატურა მარტში 8.1C°იყო, სწრაფი ტემპერატურული ზრდა იმოქმედებს ბიომრავალფეროვნებასა და თევზჭერაზე. გარდა ამისა, რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის ექსპერტები შავი ზღვის ეკოსისტემაზე ნახშირბადის გამონაბოლქვის გავლენასაც სწავლობენ. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის რეგიონები ნაკლებინდუსტრიულად ითვლება, შავი ზღვა, განსაკუთრებით მისი დასავლეთი ნაწილი, მსხვილი ინდუსტრიული ჰაბების სახლია, რაც პოტენციური დაბინძურების გამო შეშფოთებას იწვევს.

შავი ზღვის გარდა, თურქი ექსპერტები შეშფოთებას ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის ისედაც თბილ რეგიონებში ტემპერატურის მატებაზე გამოთქვამენ. ზღვის წლის ტემპერატურის მატება, წყლის აორთქლებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს უხვი ნალექის პირობებში.

Stripe-ი, Alphabet-ი, Meta, Shopify და McKinsey  ნახშირბადის აღმოფხვრისთვის ახალ ინიციატივას ნერგავენ

ტექნიკური და საკონსულტაციო სფეროს გიგანტებმა, 2030 წლის ჩათვლით, ნახშირბადის შენახვის შესასყიდად, $925 მილიონის ვალდებულება აიღეს. Stripe-ი, Alphabet-ი, Meta, Shopify და McKinsey ნახშირბადის მოცილების ტექნოლოგიებში მსხვილი ინვესტირების განხორციელებას გეგმავენ.

წამყვანი გლობალური კომპანიების ახალი ინიციატივა, სახელწოდებით Frontier-ი, განვითარებადი ტექნოლოგიის განთავსების გაფართოებას და სხვა კომპანიებისთვის მასზე ხელმისაწვდომობის ზრდას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობს ნახშირბადდაჭერის ტექნოლოგია, ის ჯერ კვლავ განვითარების ეტაპზეა და ძვირია. კომპანიების უმეტესობას კი ნახშირბადდაჭერის ტექნოლოგიების შეძენა სურს იმ კლიმატური დაბინძურების აღმოსაფხვრელად, რომელსაც თავად აწარმოებენ.

Frontier-ის ინიციატივა, სერვისზე მოთხოვნის გაზრდით, ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს. ხელშეკრულება ერთგვარი ბროკერის როლს შეასრულებს მიმწოდებლებსა და იმ მყიდველებს შორის, რომელთაც სათბური აირების ემისიების გადახდა სურთ. Frontier-ი სრულად Stripe-ის საკუთრებაა, ხოლო სხვა კომპანიები საწყის ეტაპზე მის დაფინანსებას უზრუნველყოფენ. ახალი ინიციატივა ემყარება Stripe-ის წინა მცდელობას ნახშირბადის მოცილების ტექნოლოგიების პოპულარიზაციისთვის.

Stripe-მა საწყის ეტაპზე, 2019 წელს, CO2-ის ჰაერიდან მოსაშორებლად, $1 მილიონი დახარჯა. მომდევნო წლიდან, ონლაინგადახდების პლატფორმა მომხმარებელს, მათი გაყიდვიდან მიღებული თანხის ნაწილის ნახშირბადის მოცილების პროექტებისთვის გადაცემის სერვისს შესთავაზებს. მომხმარებელთა წვლილიც Frontier-ის ინიციატივის ნაწილია.

IGAD: აღმოსავლეთ აფრიკაში, ბოლო 40 წლის განმავლობაში, ყველაზე ძლიერი გვალვაა

განვითარების მთავრობათაშორისი ორგანოს (IGAD) განცხადებით, სომალი, ეთიოპია და კენია, უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ გვალვას განიცდის. IGAD-ი აფრიკაში რვა ქვეყნის სავაჭრო ბლოკს წარმოადგენს, მათ შორისაა: ჯიბუტი, ერიტრეა, სამხრეთი სუდანი, სუდანი, უგანდა, სომალი, ეთიოპია და კენია.

IGAD-მა, კლიმატის პროგნოზირებისა და აპლიკაციების ცენტრის (ICPAC) მიერ, კენიის დედაქალაქ ნაირობიში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აღმოსავლეთ აფრიკის რეგიონში ტემპერატურა რეკორდულად მაღალ ნიშნულს აღწევს, ხოლო ნალექების რაოდენობა ჩვეულებრივთან შედარებით მკვეთრადაა შემცირებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონისთვის მარტის, აპრილისა და მაისის წვიმიანი პერიოდია, თუმცა რეგიონში  ზედიზედ ოთხი წარუმატებელი სეზონის მოლოდინში არიან.

განვითარების მთავრობათაშორისი ორგანოს (IGAD) მონაცემებით, აღმოსავლეთ აფრიკაში სიტუაცია კრიტიკულ ზღვარზეა და 29 მილიონზე მეტი ადამიანი IGAD-ის მიერ კონტროლირებულ რეგიონში სურსათის მწვავე უკმარისობას განიცდის, 15.5 მილიონიდან 16 მილიონამდე ადამიანს კი, აღმოსავლეთ აფრიკაში გახშირებული გვალვების გამო, სასწრაფო სასურსათო დახმარება ესაჭიროება. IGAD-ის რეგიონი სომალის ნახევარკუნძულს, ნილოსის ველებსა და აფრიკის დიდ ტბებს მოიცავს.

წყლისა და საძოვრების დეფიციტი საკვების წარმოების შემცირებას, პირუტყვისა და ველური ბუნების მნიშვნელოვან დანაკარგს იწვევს. ამ ყველაფერთან ერთად აღმოსავლეთ აფრიკის რეგიონში რესურსის გამო კონფლიქტის ზრდაც შეინიშნება. IGAD-ის პროგნოზით, უახლოეს პერიოდში აღმოსავლეთ აფრიკის რეგიონში სიტუაცია გაუარესდება.

Apple-ი მიმწოდებლებს განახლებადი ენერგიის გამოყენებისკენ წარმატებით უბიძგებს

Apple-ის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში, კომპანიის მიმწოდებლებში სუფთა ენერგიის გამოყენება გაორმაგდა. Apple-ის მიერ მხარდაჭერილმა განახლებადი ენერგიის პროექტებმა ატმოსფეროდან 13.9 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის გავრცელება შეაჩერა. კომპანიის განცხადებით, შედეგი ერთი წლის განმავლობაში გზიდან 3 მილიონი მანქანის გაქრობის ეკვივალენტურია.

აღნიშნული ქმედება Apple-ის კლიმატური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც 2030 წლამდე ნახშირბადნეიტრალურად გახდომას ითვალისწინებს. 2020 წელს დადებული პირობით, კომპანია ათწლეულის ბოლომდე სათბური გამონაბოლქვის 75%-ით შემცირებას გეგმავს. სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, Apple-ის მიწოდების ქსელებიდან და მომხმარებლის მიერ მისი პროდუქციის გამოყენებიდან ემისიების აღმოფხვრაც სურს, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს კლიმატზე, რადგან კომპანიის არაპირდაპირი ემისიები მის მიერ გავრცელებული დაბინძურების უდიდეს ნაწილს წარმოადგენს.

მიწოდების ჯაჭვში ემისიების შემცირება სხვა კომპანიებსაც უბიძგებს გამონაბოლქვის შემცირებისკენ. Apple-ი ყოველწლიურად მისი ტოპ-მომწოდებლების სიას აქვეყნებს, რომლებიც იმ თანხის დაახლოებით 98%-ს იღებენ, რასაც კომპანია მასალებზე, წარმოებასა და აწყობაზე ხარჯავს. ამ მომწოდებლების 60% იმ ფირმებს შორისაა, რომლებიც Apple-ის პროდუქციის წარმოებისას „100%-ით სუფთა ელექტროენერგიას“ იყენებს.

კომპანიები ენერგეტიკული პროვაიდერებისგან ხშირად ყიდულობენ განახლებადი ენერგიის კრედიტებს (REC), რაც მათ მიერ დაბინძურებული ელექტროენერგიის გამოყენების კომპენსაციაა. Apple-ი, მისი მიმწოდებლების მსგავსად, განახლებადი ენერგიის კრედიტების შემსყიდველია. Apple-ის სუფთა ენერგიის მიმწოდებელთა პროგრამის ფარგლებში 360.000 ტონა ნახშირბადის გამონაბოლქვის ეკვივალენტი კრედიტები იქნა შეძენილი.