ფოტო: MarketWatch photo illustration/
გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Google-ი ილონ მასკის კომპანია SpaceX-თან რაკეტების გაშვების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, კომპანიები ერთობლივი ძალებით ორბიტაზე ხელოვნური ინტელექტის (AI) მონაცემთა ცენტრების განთავსებაზე იმუშავებენ.
როგორც WSJ საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით წერს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმის მიუხედავად, რომ Google-ი და SpaceX-ი ორბიტალური მონაცემთა ინფრასტრუქტურის სფეროში ერთმანეთის კონკურენტებად განიხილებიან. თუმცა, SpaceX-ის გარდა, Google-ი შესაძლო პარტნიორებს შორის ბაზრის სხვა მსხვილ მოთამაშეებსაც განიხილავს. მათ შორისაა ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ი, Rocket Lab-ი და United Launch Alliance-ი.
თავად ილონ მასკი კოსმოსში AI-მონაცემთა ცენტრების განთავსებას რესურსების დაზოგვის ყველაზე ეფექტიან გზად მიიჩნევს. SpaceX-ის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო გამოთვლითი სიმძლავრე დედამიწის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აღემატება. ყველაზე ეფექტიანი გზა კი „კოსმოსური გამოთვლებია, რომლებიც დედამიწაზე ნაკლები ზემოქმედებით მდგრადი ენერგიის უსაზღვრო წყაროს გვთავაზობს“.
ცნობისთვის, მასკის SpaceX-მა რამდენიმე დღის წინ AI-სტარტაპ Anthropic-თან სტრატეგიული შეთანხმების გაფორმების შესახებაც განაცხადა. გარიგების პირობებით, Anthropic-ი ხელოვნური ინტელექტის მოდელების ტრენინგისთვის SpaceX-ის მძლავრ სუპერკომპიუტერზე, Colossus 1-ზე, მიიღებს სრულ წვდომას. პარალელურად კი Anthropic-ში $40 მილიარდამდე ინვესტიციის განხორციელება დააანონსა Google-მა, რაც გლობალურ AI-რბოლაში კონკურენციას კიდევ უფრო გაამწვავებს.
Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ, გასული წლის ბოლოს Fox News-ს განუცხადა, რომ ორბიტალური მონაცემთა ცენტრების მშენებლობა „უახლოეს ათწლეულში“ შესაძლოა ახალ ნორმად იქცეს. მისივე თქმით, ცენტრების პოტენციალის შესასწავლად კომპანია თანამგზავრებზე მცირე ზომის სერვერების გაგზავნით ტესტირებების დაწყებასაც გეგმავს, რის შემდეგაც უკვე მასშტაბების გაზრდაზე იმუშავებს.















