„ჰარვარდში“ $200,000-ზე ნაკლები წლიური შემოსავლის მქონე სტუდენტები უფასოდ ისწავლიან

„ჰარვარდში“ $200,000-ზე ნაკლები წლიური შემოსავლის მქონე სტუდენტები უფასოდ ისწავლიან

ჰარვარდის უნივერსიტეტში 2025-26 სასწავლო წლიდან სწავლა უფასო იქნება სტუდენტებისთვის, რომელთა ოჯახის წლიური შემოსავალი $200,000-ზე ნაკლებია. ხოლო იმ სტუდენტებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალი $100,000-ს არ აღემატება, უნივერსიტეტი ყველა საჭირო ხარჯსაც დაფარავს.

ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტის უახლესი შეღავათებით, $100,000-ზე ნაკლები წლიური შემოსავლის მქონე სტუდენტებისთვის დაიფარება ისეთი გადასახადები, როგორიცაა: სწავლის, კვების, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევისა და მოგზაურობის ხარჯები. დამატებით, ჩარიცხვის წელს, სტუდენტები $2,000-ს წამახალისებელი გრანტის სახით მიიღებენ, დამატებით $2,000-ს კი სწავლის მესამე წელს – კოლეჯის შემდგომი ეტაპისთვის ხელშესაწყობად.

ჰარვარდის უნივერსიტეტის თანახმად, გაფართოებული ფინანსური დახმარება აშშ-ში ოჯახების დაახლოებით 86%-ს მოიცავს. უნივერსიტეტის უახლესი განაცხადი, მის მიერ გასულ წლებში სტუდენტებისთვის შეთავაზებულ შეღავათებს ეფუძნება.

„ჰარვარდის ფინანსური დახმარების ინიციატივა“, რომელიც $40,000-ზე ნაკლები წლიური შემოსავლის მქონე სტუდენტებისთვის საკვებისა და საცხოვრებლის ყველა ხარჯს ფარავდა, 2004 წელს დაიწყო. მას შემდგომ, წლიური შემოსავლის ლიმიტი ოთხჯერ გაიზარდა – 2006 წელს $60,000-დან $85,000-მდე და ბოლოს 2023 წელს.

2025-26 წლებისთვის ჰარვარდის უნივერსიტეტის ფინანსური დახმარების წლიური ბიუჯეტი $275 მილიონი იქნება. ამჟამად, შეღავათით „ჰარვარდის“ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტების 55% სარგებლობს. 2023-24 წლის მონაცემებით, მათ წლიურად საშუალოდ $15,700-ს გადახდა უწევდათ.