ირლანდია – ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა

ირლანდია – ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა

მოსახლეობა: 4.7 მილიონი

ფართობი: 84 კვ. კმ.

მთლიანი შიდა პროდუქტი: $238 მილიარდი

საშუალო წლიური შემოსავალი ერთ მოსახლეზე: $51 350 (PPP)

12 ივლისს ირლანდიის ცენტრალურმა სტატისტიკურმა ოფისმა მსოფლიოს ამცნო, რომ 2015 წელს ირლანდიის ეკონომიკა 26.3%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი მსოფლიოსთვის არამარტო 2015 წლისთვის არის რეკორდული – ბოლო ათი წელია, ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია. 12 ივლისამდე ცნობილი იყო, რომ 2015 წელს ირლანდიის ეკონომიკა 7.8%- ით გაიზარდა და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მე-6 პოზიციას იკავებდა. ირლანდიის სტატისტიკური ოფისის ინფორმაციით, 7.8% წინასწარი მონაცემი იყო, 26.3% კი დაზუსტებულ მონაცემებს შეესაბამება. ასევე ირკვევა, რომ ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა მრეწველობის სექტორის (მშენებლობის ჩათვლით) 87%-იანმა ზრდამ განაპირობა. ამასთან, 2015 წელს 34.4%-ით გაიზარდა ირლანდიური პროდუქციის ექსპორტი.

ირლანდიის 26.3%-იანმა ზრდამ სტატისტიკის სანდოობა დააყენა ეჭვქვეშ, რადგან ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა მცირე ეკონომიკის მქონე, ღარიბ ქვეყნებსაც კი უჭირთ. გაირკვა, რომ სტატისტიკურად ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ ასეთ მაღალ ზრდას თავისი სპეციფიკა აქვს: მსხვილმა უცხოურმა კომპანიებმა ირლანდიაში გადაიტანეს სათავო ოფისები (დარეგისტრირდნენ როგორც ირლანდიური საწარმოები) და მათი პროდუქციის გამოშვება ირლანდიის მთლიან შიდა პროდუქტში აისახა. მათ შორისაა ისეთი მსხვილი ამერიკული კომპანიები, როგორიცაა: მედიკამენტების მწარმოებელი Allergan-ი, უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელი Tyco და სამედიცინო ტექნოლოგიის მწარმოებელი Medtronic-ი. ასევე მნიშვნელოვანია საავიაციო სალიზინგო კომპანიების ირლანდიით დაინტერესება. ირლანდიის რეზიდენტ სალიზინგო ოპერატორებზე მსოფლიო ბაზრის 20% მოდის. უცხოურ კომპანიებს ირლანდიის დაბალი კორპორაციული საგადასახადო განაკვეთები იზიდავს.

ირლანდია მხოლოდ 2015 წლის ეკონომიკური ზრდით არ გამოირჩევა. ბოლო 40 წელიწადში ის არამარტო ევროპის, მსოფლიოს ერთ- ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. 1973 წელს, როდესაც ირლანდია ევროკავშირის წევრი გახდა, ის ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანა იყო, ერთ მოსახლეზე 2,400 დოლარის წლიური შემოსავლით. 42 წლის შემდეგ, 2015 წელს, ირლანდიის ერთ მოსახლეზე შემოსავალმა $55 ათასს გადააჭარბა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის მხოლოდ ლუქსემბურგს ჩამორჩება. მსოფლიო მასშტაბით კი, ეკონომიკური კეთილდღეობის დონით, მე-11 ადგილზეა.

ეკონომიკური განვითარების მხრივ, ირლანდიას ყველაზე კარგი პერიოდი 1987-2007 წლებში ჰქონდა, როდესაც მან ეკონომიკური საოცრების მოხდენა შეძლო. 30 წლის განმავლობაში ეკონომიკა საშუალოდ 6.5%-ით იზრდებოდა. ირლანდია ევროპის საშუალოშემოსავლიანი ქვეყნიდან მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყნად იქცა და ათასზე მეტი საერთაშორისო კომპანია მიიზიდა. აღნიშნული ეკონომიკური სასწაულის გამო ირლანდიას აზიის ვეფხვებს (სინგაპური, სამხრეთი კორეა, ტაივანი, ჰონკონგი) ადარებენ და „კელტურ ვეფხვს“ უწოდებენ.

ირლანდია ბიზნესის წარმოებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად არის მიჩნეული. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ აზიურ და არაბულ ქვეყანაში გაცილებით დაბალია გადასახადები და ნაკლებია რეგულაციები, ვიდრე ირლანდიაში, „კელტური ვეფხვი“ მათ სჯობნის დემოკრატიისა და ჰუმანური განვითარების დონით, ევროკავშირის ბაზარზე (როგორც საქონლისა და მომსახურების, ასევე შრომის) მეტი ხელმისაწვდომობით. ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ 550-მილიონიანი მოსახლეობისა და 17 ტრილიონი დოლარის მოცულობის საერთო ეკონომიკური სივრცე.

დღეს ევროკავშირის ქვეყნები მაღალი გადასახადებით და მკაცრი რეგულაციებით გამოირჩევიან, ირლანდია კი მათთან შედარებით უკეთეს პირობებს სთავაზობს ინვესტორებს. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით ირლანდია მერვეა მსოფლიოში და პირველი – ევროპაში. ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსით მე-17 არის მსოფლიოში, ევროპაში – მე-7. ხოლო ამ ინდექსის ერთ- ერთი კრიტერიუმით, რომელიც საგადასახადო განაკვეთებისა და ადმინისტრირების ტვირთს ასახავს, მეექვსე ადგილზეა მსოფლიოში, თუმცა პირველ ათეულში სხვა ვერც ერთი ევროპული ქვეყანა ვერ ხვდება.

სამართლის უზენაესობის კრიტერიუმებით (საკუთრების დაცვა, კორუფციის დაბალი დონე, დემოკრატიის დონე) ირლანდია მსოფლიოს ერთ- ერთი მოწინავე ქვეყანაა და სწორედ ეს არის ის მთავარი გარემოება, თუ რატომ ურჩევნია ბევრ ინვესტორს ირლანდიაში განახორციელოს ინვესტიცია და არა გაცილებით უფრო ნაკლები საგადასახადო განაკვეთების მქონე აზიურ ან აფრიკულ ქვეყანაში.

ირლანდიის ეკონომიკური აღმავლობა ნათლად აისახა ირლანდიის მოსახლეობის ცხოვრებაზე. გაეროს ჰუმანური განვითარების ინდექსის 2015 წლის მონაცემებით, ირლანდიას მეოთხე პოზიცია უჭირავს მსოფლიოში. ცხოვრების დონის მნიშვნელოვნად ამაღლების გამო, ირლანდია მასობრივი ემიგრაციის ქვეყნიდან იმიგრაციის ქვეყნად იქცა. 1990 წლის ბოლოს ირლანდიის მოსახლეობა შეადგენდა 3.5 მილიონ კაცს, რომელიც 2015 წლისათვის 4.7 მილიონამდე გაიზარდა.

1987-2007 წლებში ირლანდიის ეკონომიკური წარმატება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. ესენია: ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ინვესტიციები განათლებაში, უცხოური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, გლობალიზაციის დონის ამაღლება და ეროვნული კონსენსუსის მიღწევა და შენარჩუნება. 1987 წელს ქვეყნის სათავეში მოსულმა ახალმა მთავრობამ სახელმწიფო ხარჯებისა და საგადასახადო განაკვეთების შემცირება დაიწყო. წარმატების მიღწევა სახელმწიფო დაწესებულებების შეკვეცამ და გაუქმებამ განაპირობა: საოცარი სისწრაფით მოხდა ბიუჯეტის ხარჯების შემცირება და სახელმწიფო სააგენტოების გაუქმება (მაგალითად, საციალური მომსახურების ეროვნული საბჭოს, ჯანდაცვისა და განათლების ბიუროს, რეგიონალური განვითარების ორგანიზაციებისა და ა.შ.). ეს ნაბიჯები მკაცრად იქნა გაკრიტიკებული, განსაკუთრებით, როდესაც ცვლილებები სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებას შეეხო, მაგრამ საბიუჯეტო კრიზისის დონე აუცილებელს ხდიდა ამ ღონისძიებების გატარებას. ახალი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მეორე მნიშვნელოვანი ელემენტი იყო ხელფასების ზომიერი ზრდა და ამასთანავე საშემოსავლო გადასახადის კლება. ამ ზომების გატარებით ირლანდიამ თავი დააღწია ხელფასების ინფლაციურ ზრდას და ეკონომიკაში ქაოსის შეწყვეტასაც მიაღწია.

2015 წელს მთავრობის ხარჯები შემცირდა მთლიანი ეროვნული პროდუქტის 35%-მდე 1986 წლის 55%-დან. ამასთან, კორპორაციული საგადასახადო განაკვეთის მაქსიმალური დონე შემცირდა 12.5%-მდე იმ დროს, როცა ყველაზე დაბალი განაკვეთი ევროპაში 30% იყო. საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შემცირდა საბაზისო 35%-დან 20%-მდე პროცენტამდე და უმაღლესი განაკვეთი – 58% შემცირდა 40%-მდე. ასევე, ამაღლდა შემოსავლის დონე, რომლის ზემოთაც იბეგრება ყველაზე მაღალი განაკვეთით. 2004 წლიდან ირლანდიამ შემოიღო 20%-იანი საგადასახადო კრედიტი საწარმოების მიერ განხორციელებულ კვლევებსა და განვითარებაზე (R&D). ირლანდია ლიბერალური საგადასახადო სისტემის ერთ- ერთ ინიაციატორადაც კი შეგვიძლია მივიჩნიოთ. პირველი საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებული მაღაზია (Duty Free) ირლანდიაში 1947 წელს, ქალაქ შენონში დაარსდა.

ირლანდიას აქვს ერთ-ერთი ყველაზე გლობალიზებული ეკონომიკა. გლობალიზაციის ინდექსის მიხედვით, ქვეყანა 2016 წელს მეორე ადგილს იკავებს სინგაპურის შემდეგ. გლობალიზაციამ და ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ წაახალისა ის დარგები, რომლებშიც ირლანდია ძლიერი იყო და შეფარდებითი უპირატესობა ჰქონდა. აღსანიშნავია ირლანდიის მოსახლეობის კარგი განათლებისა და მაღალკვალიფიციურად მომზადების დონეც.

2004 წელს ირლანდიამ დაუშვა სამუშაო ძალის შეუზღუდავი მიგრაცია ევროკავშირის ახალი ათი ქვეყნიდან. ამჟამად ირლანდიაში 150,000-ზე მეტი პოლონელი ცხოვრობს.

1973 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ირლანდია იღებდა ტრანსფერებს ევროკავშირისგან. ეს დახმარებები გამოიყენეს ინვესტიციების გასაზრდელად განათლების სისტემასა და ინფრასტრუქტურაში, რასაც უკავშირებენ ირლანდიის მიმზიდველობის ზრდას მაღალტექნოლოგიური ბიზნესისთვის. თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ ევროკავშირის მიერ მიღებულ დახმარებაზე მოდიოდა ეკონომიკური ზრდის საშუალოდ 0.5%, როცა საშუალო წლიური ზრდა 6.5% იყო. მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ევროკავშირიდან უფრო მეტი ტრანსფერი მიიღეს საბერძნეთმა, პორტუგალიამ და ესპანეთმა, მაგრამ მათგან ვერც ერთმა ვერ მიაღწია მსგავს ზრდას. ირლანდიის ეკონომიკური წარმატებისათვის ტრანსფერზე მეტად ხელსაყრელი სიტუაცია შექმნა ევროპის ქვეყნებთან თავისუფალმა ვაჭრობამ და შრომის თავისუფალ მიგრაციაში ჩართვამ.

2008-2009 წლების მსოფლიო კრიზისის დროს ირლანდიის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა და მას ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება დასჭირდა. თუმცა 2014-2015 წლებმა აჩვენა, რომ ირლანდიამ არათუ გადალახა კრიზისი, 2014 წელს – ევროპის, 2015 წელს კი უკვე მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად მოგვევლინა.