ხუან მიროს ნამუშევრების აუქციონი ჩაიშალა

ხუან მიროს ნამუშევრების აუქციონი ჩაიშალა

ლონდონური აუქციონი Christie’s აღარ გაყიდის პორტუგალიის მთავრობის მიერ შეთავაზებული კოლექციას, რომელშიც ხუან მიროს 85 ნამუშევარი შედიოდა. ეს კოლექცია სახელმწიფო საკუთრებაში 2008 წელს გადავიდა, მას მერე, რაც მთავრობამ Banco Portugues de Negocios-ის ნაციონალიზება მოახდინა.

დიდი ესპანელი სიურრეალისტის ნახატების გაყიდვით, პორტუგალიის მთავრობა ცდილობდა თავისი მოქალაქეებისთვის იმ ვალების ნაწილის გადახდას, რომელიც ბანკის გაკოტრების შედეგად წარმოიშვა. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას პორტუგალიის სოციალისტური პარტიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლები მოყვა, ხოლო 10 ათასამდე პორტუგალიელმა ონლაინ-პეტიციას მოაწერა ხელი, რის შედეგადაც ბრიტანელებმა აუქციონი ჩატარებამდე ერთი დღით ადრე გააუქმეს.

პორტუგალიელთა მიერ შეთავაზებული ნამუშევრები შეფასებული იყო, როგორც „მიროს ნახატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი კოლექცია“. მოსალოდნელი იყო, რომ ყველაზე ძვირად ორი ფერწერული ტილო გაიყიდებოდა: „ქალები და ჩიტები“, რომელიც 1968 წელს არის შექმნილი და მისი მოსალოდნელი გასაყიდი ფასი მერყეობდა 4-დან 7 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე (6,5-11,5 მილიონი აშშ დოლარი), და ასევე „ფერწერა“ (2,5-3,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი). სულ პორტუგალიელთა კოლექცია დაახლოებით 29 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყო შეფასებული.

ხუან მირო გახლდათ 1920-იანი წლების სურრეალისტური მიმდინარეობის მთავარი ფიგურა.