კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2018 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 103.0 მლნ ლარით (0.5 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.6 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 21.9 მლრდ ლარს მიაღწია. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 426.6 მლნ ლარით (4.7 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 323.6 მლნ ლარით (2.6 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.1 პროცენტით გაიზარდა).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.5 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.7 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 6.9 მლრდ ლარის (3.0 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.7 პროცენტით მეტი).
2018 წლის იანვრის განმავლობაში 3.0 პროცენტით ანუ 341.2 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 11.6 მლრდ ლარს მიაღწია.
მიმდინარე წლის 1 თებერვლისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.66 პროცენტი შეადგინა. პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით გაიზარდა 1.75 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.84 პროცენტული პუნქტით).
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი.