საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია GCCA-მ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა.
როგორც განცხადებაში წერია, სააგენტომ ბუნებრივი გაზის საცალო, თხევადი გაზის იმპორტის და საცალო სარეალიზაციო დონეზე კონკურენტული გარემო შეაფასა. გარდა ამისა, GCCA-მ შეისწავლა საცალო ბაზარზე მოქმედი კომპანიების ფასწარმოქმნა და მასზე მოქმედი ძირითადი ფაქტორი – პროდუქტის თვითღირებულება.
„ბუნებრივი გაზის (აირისებრ მდგომარეობაში) საცალო ბაზრის შეფასების შედეგად დადგინდა, რომ საავტომობილო ბუნებრივი გაზის შეძენა 2019 წელს განახორციელა 97 კომპანიამ (134 გაზგასამართი სადგური) 188 635 780 ლარის ოდენობით (192 628 000მ³). 2020 წელს – 96 კომპანიამ (143 გაზგასამართი სადგური) 118 865 463 ლარის ოდენობით (147 893 000მ³). 2021 წელს – 95 კომპანიამ (127 გაზგასამართი სადგური) 119 474 586 ლარის ოდენობით (160 065 000მ³). ხოლო 2022 წელს – 88 კომპანიამ (128 გაზგასამართი სადგური) 169 633 554 ლარის ოდენობით (190 789 000მ³). სააგენტოს პოზიციით, საცალო ბაზარი დაბალკონცენტრირებულია (2020 წელს ზომიერად კონცენტრირებული), სახეზეა რამდენიმე მსხვილი კომპანია, თუმცა, ბაზარზე ამავდროულად მაღალია მცირე კომპანიების რაოდენობა და საერთო პროცენტული წილი. ბაზრის განსახილველი დონე, მცირე კომპანიების რაოდენობის გათვალისწინებით, გამოირჩევა კონცენტრაციის დაბალი ინდექსით. საანგარიშო პერიოდში, 3 მსხვილი კომპანიის ჯამური წილი ბაზარზე აღემატება 50%-ს, თუმცა არ კმაყოფილდება კანონის მოთხოვნა – თითოეული კომპანიის მიერ 15%-ზე მეტი წილის ფლობის შესახებ. შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე მაღალია მოქმედი მცირე კომპანიების რაოდენობა და საერთო პროცენტული წილი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს კონკურენტულ გარემოს და შესაბამისად კონცენტრაციის დაბალ ინდექსს ბაზრის განსახილველ დონეზე.
თხევადი გაზის ბაზრის შეფასების მიხედვით, 2019 წელს – 36-მა ეკონომიკურმა აგენტმა განახორციელა 41 015 037 ლარის (24 402 640 კგ.) იმპორტი. 2020 წელს – 53-მა ეკონომიკურმა აგენტმა 51 118 323 ლარის (28 534 834 კგ.) იმპორტი. 2021 წელს – 89-მა ეკონომიკურმა აგენტმა განახორციელა 91 264 801 ლარის (35 266 142 კგ.) გაზის იმპორტი, ხოლო 2022 წელს – 58-მა ეკონომიკურმა აგენტმა 80 178 679 ლარის (42 274 714 კგ.) თხევადი გაზის იმპორტი. რაც შეეხება საცალო ბაზარს – 2020 წელს თხევადი გაზის ბაზარზე მოქმედმა 133-მა კომპანიამ განახორციელა 29 840 303 კგ. შეძენა, 2021 წელს – 131-მა კომპანიამ 17 095 920 კგ. 2022 წელს – 120-მა კომპანიამ 23 508 212 კგ. მიღებული და დამუშავებული მასალის მიხედვით, შესაბამისი ბაზრის როგორც იმპორტის ასევე საცალო დონე დაბალკონცენტრირებულია. შესასწავლ პერიოდში კონცენტრაციის ინდექსი არ აჭარბებს 937 ერთეულს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
კვლევის შედეგად კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, რომ როგორც ბუნებრივი, ასევე თხევადი გაზის ბაზარზე დომინანტი ეკონომიკური აგენტი არ ფიქსირდება, ასევე ადგილი არ აქვს ჯგუფურ დომინანტობას. ამასთანავე, მისი განცხადებით, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი – მსხვილი კომპანიების წილის, ბაზარზე მოქმედი მცირე კომპანიების რაოდენობის და მათი საერთო პროცენტული წილის გათვალისწინებით, შემცირების ტენდენციით გამოირჩევა.
სააგენტო მიიჩნევს, რომ 2019-2022 წლებში, საკვლევი ბაზარი თავსებადი იყო კონკურენტულ გარემოსთან და კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ გამოკვეთილა.