კრედო ბანკმა საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტ პროპარკოსგან (Groupe Agence Française de Développement) 16.5 მილიონი ევროს ინვესტიცია მოიზიდა. ხუთწლიანი გარიგება საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის პოსტპანდემიური მხარდაჭერის უზრუნველყოფასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების პირობებში, მათ მდგრად განვითარებას ისახავს მიზნად. ტრანზაქცია გამყარებულია ევროკავშირის EFSD COVID საგარანტიო პროგრამით.
“მოხარული ვარ, რომ, „პროპარკო“, როგორც აქციონერის, ასევე კრედიტორის როლში, უწყვეტად განაგრძობს კრედო ბანკისა და მისი მომხმარებლების განვითარების მხარდაჭერას. აღნიშნული ტრანზაქციის ფარგლებში, ჩვენ ერთი მიზნის გარშემო ვერთიანდებით, რაც მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ციფრული და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების თუ მომსახურების მიწოდებას გულისხმობს და უმნიშვნელოვანესია ტურბულენტურ პერიოდში მათი გაძლიერებისთვის.”- განაცხადა კრედო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ზაზა ფირცხალავამ.
“2021 წელს პროპარკო კრედო ბანკის აქციონერი გახდა, ამჯერად კი ის 16.5 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციით განაგრძობს საქართველოში წამყვანი ბანკის მხარდაჭერას. ეს საშუალებას მისცემს კრედო ბანკს, გააძლიეროს ოპერაციები და მხარი დაუჭიროს ფერმერებს და მეწარმეებს, რომლებიც გასული წლების განმავლობაში COVID პანდემიის კრიზისის შედეგად დაზარალდნენ. ტრანზაქციის საშუალებით პროპარკო აძლიერებს თავის პოზიციებს საქართველოს ფინანსურ ბაზარზე და ხაზს უსვამს სურვილს, დადგეს საქართველოს გვერდით მისი მდგრადობისა და სოციალური განვითარების მიზნების მისაღწევად.”- განაცხადა პროპარკოს თურქეთის, კავკასიის, ბალკანეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა – სტეფან ფროსარდმა.