კომპიუტერული თამაშები ბევრისთვის როგორც ინტერესის სფერო, ისე – გამოწვევაცაა – ასე ფიქრობს ასლან ცივაძე, კიბერ სპორტის ახალი, ინოვაციური პლატფორმის „Let’s Move Now“ დამფუძნებელი.
„კომპიუტერული თამაშები რამდენადაც კარგია, იმდენადვე აქვს ნეგატიური მხარეც. პირველი – ეს არის დროის ხარჯვა , რომელიც, რა თქმა უნდა, ფინანსური ინტერესის გარეშე მხოლოდ და მხოლოდ დროის არაეფექტური გამოყენებაა. ასევე, მოთამაშეების უმეტესი ნაწილი ეკრანთან ძალიან დიდ დროს ატარებს, რაც საბოლოოდ, ჯანმრთელობის პრობლემებთან არის დაკავშირებული.“
სწორედ ამ პრობლემების მოგვარების მიზნით, ასლანმა რეალური თამაშის პლატფორმა შექმნა და მის გარშემო მსგავსი ინტერესების მქონე სოციუმი გააერთიანა.
„გვინდოდა, სპორტული თამაშით ეს პრობლემები გადაგვეჭრა. თამაშის რამდენიმე მიმართულებას დავამატეთ WALKERS, რომლის მეშვეობითაც მონაწილეები ერთმანეთს შეეჯიბრებიან არა ტრანსპორტით, არამედ – ფეხით, რაც ავტომატურად გულისხმობს ჯანსაღის ცხოვრების წესის პროპაგანდას. პრიზად კი თითოეულ კატეგორიაში ტოპ რეიტინგში მყოფ მონაწილეებზე გადანაწილებული ფულადი ჯილდო იქნება.“
როგორც ასლანი ყვება, ეს იდეა ამერიკაში ყოფნის დროს დაიბადა, სწორედ მაშინ, როცა მეგობრებთან ერთად სხვადასხვა პროექტს განიხილავდა. შეიძლება ითქვას, რომ პროექტზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მუშაობდა – ასლანთან ერთად კიდევ 18 ადამიანი.
„ბეტა ტესტირება თავდაპირველად საქართველოში დავიწყეთ და თბილისში რამდენიმე ჩემპიონატი ჩავატარეთ. მათ შორის იყო off road ტურნირიც. გვსურდა, ჩვენი ხარჯებით მიგვეტანა რაღაც ეტაპამდე პროექტი, რათა შემდეგ ინვესტორებთან სათქმელი გვქონოდა: ” ჩვენ ეს შევძელით”.“
პროექტმა ბეტა ტესტირების პირველი ეტაპი უკვე გაიარა და ამჟამად მეორე ეტაპზე გადადის. ცოტა ხნის წინ კი მან Shark Tank-ზე მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც.
„პირველ სეზონს აქტიურად ვუყურებდით და გუნდში პროექტში მონაწილეობის იდეას განვიხილავდით . ვფიქრობდით, რომ ეს ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი იქნებოდა lets move now-ისთვის. ძალიან ვნერვიულობდით, მაგრამ ვიცოდით, რომ შარქების დაინტერესებას აუცილებლად შევძლებდით – მინიმუმ კი საინტერესო რჩევებს მივიღებდით გამოცდილი ადამიანებისგან.“
პროექტის დამფუძნებლები მიღებული ინვესტიციით აპლიკაციის საბოლო ეტაპამდე მიყვანას – საქართველოს რეგიონში ტესტირებასა და შემდეგ უკვე გლობალურ ბაზარზე გატანას გეგმავენ.
და ბოლოს, კითხვაზე, თუ როგორია მათი სამომავლო გეგმები, ასე გვპასუხობენ:
„ადამიანების რუტინულ ცხოვრებაში შევიტანოთ სიახლე, მოვიცვათ ყველა -განურჩევლად ასაკისა თუ ინტერესებისა და ავამოძრაოთ გაჩერებული სამყარო.“