„ლუტეცია“ საერთაშორისო ბრენდებთან მოლაპარაკებებს აგრძელებს. ამის შესახებ „ლუტეცია ჯგუფის“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა ლიკა დოლიძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა. მისი თქმით, პანდემიის კრიზისის მიუხედავად „ლუტეცია“ არ გაჩერებულა.
„Mac-ის ორი ბუტიკი გაიხსნა, „არომატეკაში“ შემოვიყვანეთ ერთი ახალი ბრენდი და მეორესაც ველოდებით. უკვე დასრულებულია მოლაპარაკებები. შემოვიყვანეთ „კლაივ კრისტიანი“, რასთან დაკავშირებითაც პირველი ონლაინ-ივენთი გავმართეთ“, – აღნიშნა ლიკა დოლიძემ. რაც შეეხება მეორე ბრენდს, მას არ დაუკონკრეტებია, რომელს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში.
დოლიძემ ასევე პანდემიის შედეგად მომხმარებლის ქცევის ცვლილების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიზისის ფონზე იყო მოლოდინი, რომ საქართველოში „ლუტეციას“ მომხმარებლის ქცევა მნიშვნელოვნად შეიცვლებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
„სუნამოებიც იყიდებოდა, ხალხმა აქტიურად დაიწყო თავის მოვლის საშუალებების შეძენა. ტუჩსაცხები მსოფლიო მასშტაბით ზარალს განიცდის, თუმცა ჩვენთან ამას ვერ ვიტყოდი“, – აღნიშნა მან.
ამას გარდა, ლიკა დოლიძის თქმით, „ლუტეცია ჯგუფი“ აქტიურად მუშაობს ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის განვითარებაზე. ფონდი კომპანიის დამაარსებლის ვახტანგ ფხაკაძის გარდაცვალების შემდეგ, მისი ხედვისა და საქმის გაგრძელების მიზნით შეიქმნა. ფხაკაძის უმთავრესი მიზანი, მრავალი წელი ბიზნესშიც და მის მიღმაც სწორედ ქველმოქმედების განხორცილება იყო.
ცნობისთვის, ვახტანგ ფხაკაძემ კომპანია “ლუტეცია” 1999 წელს დააფუძნა. ჯგუფი აერთიანებს lutecia- Mac-ს, calzedonia-ს, intimissimi-ს, yves rocher-ის და სხვა ცნობილ ბრენდებს. ვახტანგ ფხაკაძე გასულ წელს, 63 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.