იმ შემთხვევაში, თუ შვედეთი და ფინეთი NATO-ში გაწევრიანდებიან, რუსეთი ბალტიისპირეთში ბირთვულ იარაღს, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებსა და სამხედრო გემებს განათავსებს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა ტელეგრამზე დაწერა.
„ფინეთის ყურეში ჩვენი სახმელეთო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გაძლიერება და ფლოტის საგრძნობლად გაზრდა მოგვიწევს“, – დაწერა მედვედევმა ტელეგრამზე. „[ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების] შემთხვევაში, ბალტიისპირეთის არაბირთვულ სტატუსზე საუბარი ვეღარ იქნება“. ამასთანავე, მედვედევი წერს, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების სურვილი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს არ უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ ფინეთსა და შვედეთში ჩრდილო-ატლანტიკურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების საკითხი აქტუალური სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გახდა, რადგან ამ დრომდე, ეს ქვეყნები მრავალწლიან სამხედრო ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ. ამ საკითხს ფინეთსა და შვედეთში აქტიურად განიხილავენ და როგორც ირკვევა, NATO-ში გაწევრიანების თაობაზე ქვეყნების ოფიციალური პოზიცია ივნისში გაცხადდება.