მიმდინარე კვირაში, NATO-ს წევრი სახელმწიფოები უკრაინისთვის €40 მილიარდის სამხედრო დახმარების გადაცემაზე შეთანხმდებიან. ომში მყოფი ქვეყნის დახმარებაზე ალიანსის წევრები სავარაუდოდ ვაშინგტონში გასამართი შეხვედრისას იმსჯელებენ. დასავლური გამოცემების ინფორმაციით, უკრაინა NATO-სგან სამხედრო დახმარებას მომავალ წელს მიიღებს.
ვაშინგტონში NATO-ს სამიტი როგორც მსოფლიოსთვის, ისე თავად უკრაინისთვის განსაკუთრებულად რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ჩატარდება, ერთი მხრივ, საფრანგეთის ვადამდელი არჩევნები, სადაც უკრაინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილმა ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა პარტიამ“, მარინ ლე პენის ლიდერობით, პარლამენტში ძალები გაიმყარა, მეორე მხრივ კი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ხელახალი გამარჯვებისთვის დონალდ ტრამპი იბრძვის. ამას ემატება გერმანიაში კანცლერ ოლაფ შოლცის კოალიცია, რომელიც პოპულარობას კარგავს.
ამ და სხვა საკითხების გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ NATO-ს 75 წლის იუბილესთვის მიძღვნილი სამიტი სრულად უკრაინაზე იქნება ფოკუსირებული. „დემოკრატიულ ქვეყნებში, რა თქმა უნდა, გარანტიას ვერასდროს ვიძლევით. ჩვენ არ ვცხოვრობთ მსგავს სამყაროში. თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ კარგი შედეგების მაქსიმიზაციისა და ცუდი შედეგების მინიმიზაციის სამყაროში“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სამიტის წინ.
სტოლტენბერგმა უკრაინის დახმარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ €40-მილიარდიანი სამხედრო პაკეტი უკრაინისთვის არსებულ რთულ მდგომარეობას გააუმჯობესებს. NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებითვე, უკრაინისთვის €40-მილიარდიან დახმარებას ალიანსის წევრი ქვეყნები 9-11 ივლისს გამართული შეხვედრისას დაამტკიცებენ.