ნეთანიაჰუს თქმით, დაღუპულ პალესტინელებს შორის 13,000 ტერორისტია

ნეთანიაჰუს თქმით, დაღუპულ პალესტინელებს შორის 13,000 ტერორისტია

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დაღუპულ პალესტინელებს შორის 13,000 „ტერორისტია“. ნეთანიაჰუ ღაზის სექტორის სამხრეთის მიმართულებით ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერებას აანონსებს.

„პალესტინის ხელისუფლების“ მონაცემებით, ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 31,000-ს შეადგენს. 7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმას კი 1,200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშინ „ჰამასმა“ მძევლად 253 ადამიანი აიყვანა, რომელთა ნაწილი დღემდე ტყვეობაში რჩება. ღაზის სექტორის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაღუპულ პალესტინელთა 72% ქალი და ბავშვია.

გერმანულ მედიასააგენტოსთან ინტერვიუში ბენიამინ ნეთანიაჰუმ რაფაჰის მიმართულებით შეტევის გაძლიერება დააანონსა. აშშ-ის პრეზიდენტი და დასავლური ლიდერები კი ნეთანიაჰუს მოუწოდებენ, აღნიშნულის გაკეთებისაგან თავი შეიკავოს. ისინი ისრაელის პრემიერ-მინისტრისაგან თავდაპირველად სამოქალაქო პირების საევაკუაციო გეგმის შემუშავებას მოითხოვენ. ამჟამად რაფაჰს თავს ღაზის მოსახლეობის ნახევარი, 1 მილიონზე მეტი პალესტინელი აფარებს.

„ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმება კვლავ არ მიღწეულა. გუშინ მუსლიმური წმინდა თვე, რამადანი დაიწყო. პოლიტიკოსები მხარეებისაგან შეთანხმების მიღწევას რამადანის დაწყებამდე მოითხოვდნენ. თუმცა მხარეებმა შეთანხმების დეტალებზე საერთო ენა ვერ გამონახეს.