Nokia-სთან თანამშრომლობით „სელფი“ საქართველოში 5G-ქსელს დანერგავს

Nokia-სთან თანამშრომლობით „სელფი“ საქართველოში 5G-ქსელს დანერგავს

ქართულ მობილურ ოპერატორ „სელფი მობაილსა“ და ტექნოლოგიურ გიგანტ Nokia-ს შორის, საქართველოში ეროვნული 4G-ქსელის მოდერნიზებისა და სამომავლოდ, ქვეყნის მასშტაბით, 5G-ქსელის დანერგვისთვის ხელშეკრულება გაფორმდა.

Nokia-ს მიერ გავრცელებული განცხადებით, გარიგების ფარგლებში, კომპანია „სელფი მობაილს“ კომპანიის ყოვლისმომცველი 5G AirScale-ის პორტფოლიოდან მოწყობილობებს მიაწვდის, რომელიც ენერგოეფექტიანი ReefShark System-on-Chip-ის ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. პარტნიორობის შედეგად, „სელფის“ მომხმარებლები მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარიხის კავშირგაბმულობითა და სწრაფი ფართოზოლიანი სერვისების სრული დაფარვით ისარგებლებენ. Nokia-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, სამუშაოები ნოემბრიდან დაიწყება.

გარდა ამისა, გარიგების პირობებით, „სელფი“ უახლესი თაობის AirScale Baseband-ისა და Remote Radio Head-ის პროდუქტებსაც მიიღებს. ამასთანავე, Nokia არსებულ ობიექტებს LTE-ქსელებით განაახლებს, დამატებით კი ახალ მზა 5G-ობიექტებსაც განათავსებს. ქვეყნის 5G-ქსელის აუქციონის დასრულების შემდეგ, Nokia ახალი 5G (3.5 GHz) საბაზისო სადგურების განლაგებასაც განიხილავს. Cellfie ტექნოლოგიური კომპანიის ინტელექტუალურ MantaRay Network Management-ის სისტემასაც გამოიყენებს, რაც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ქსელის უკეთეს მონიტორინგსა და მენეჯმენტში დაეხმარება.

ცნობისთვის, Nokia, გარიგების პირობებით, RAN-ის ერთადერთი მიმწოდებელია, რაც ქვეყანაში მის საბაზრო წილს კიდევ უფრო გაზრდის. „სელფი მობაილი“ ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკაბელო მომსახურებას 1.3 მილიონ მომხმარებელს უწევს.