ღია ბაზრის ოპერაციები (ინგლისურად Open Market Operations) არის ეროვნული (ცენტრალური) ბანკის მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ის გავლენას ახდენს მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთებზე. საპროცენტო განაკვეთების კონტროლის მიზანი ინფლაციის სასურველი დონის მიღწევაა. როდესაც ინფლაცია მაღალია, ეროვნული ბანკი ცდილობს, ბაზარზე საპროცენტო განაკვეთები გაზარდოს.
ღია ბაზრის ოპერაციებისთვის გამოიყენება რეფინანსირების სესხები, ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატები და სახაზინო ვალდებულებები. ფასიანი ქაღალდების გაყიდვა საშუალებას აძლევს ეროვნულ ბანკს, ამოიღოს ჭარბი ლიკვიდური სახსრები საბანკო სისტემიდან (რაც ინფლაციას უწყობს ხელს) და პირიქით, ფასიანი ქაღალდების ყიდვა საშუალებას აძლევს, მიაწოდოს დამატებით ლიკვიდური სახსრები საბანკო სისტემას.