როგორ ახერხებენ სტარტაპ-კომპანიები ფინანსების მოზიდვას?

როგორ ახერხებენ სტარტაპ-კომპანიები ფინანსების მოზიდვას?

სტარტაპები ქვეყნის ბიზნესგარემოზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ და ამიტომაც არსებობს პროგრამები, რომლებსაც სხვადასხვა სტრუქტურა მხარს უჭერს და განვითარებაში ეხმარება. 

ბიზნესინსაიდერი სწორედ იმ სტარტაპების რეიტინგს აქვეყნებს, რომელთა შემოსავლები წელს ყველაზე მეტად გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში მილიარდ დოლარს მიაღწია.  

რეიტინგის მიხედვით სექტორულად თუ ჩავშლით, იკვეთება, რომ განსაკუთრებით მოგებიანი მედიცინა, ტრანსპორტი და გართობაა, ხოლო სტარტაპთა უმრავლესობა ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში ოპერირებს. რაც შეეხება ლიდერებს,  ბიზნესინსაიდერის ამ რეიტინგში პირველი ადგილი გრაფიკული დიზაინის კომპანია Canva-მ დაიკავა. სტარტაპმა მსოფლიო ბაზარზე სამწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 2018 წელს თანხები 96 მილიონით გაიზარდა და მთლიანმა შემოსავლებმა მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. ალბათ გაინტერესებთ, თუ როგორ მოახერხა Canva-მ თავისი სტარტაპისთვის ამ ოდენობის თანხის მოზიდვა. პასუხი მარტივია – რთულად. როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მელანი პარკინსი ამბობს, თანხების მოძიება ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესი იყო მუშაობისას. მათ კომუნიკაცია 100-მდე ინვესტორთან ჰქონდათ, საბოლოოდ კი დაფინანსება ავსტრალიელი ბიზნესმენ ბილი ტაის და ჰოლივუდის მსახიობებისგან, იუნ ვილსონისა და ვუდი ჰარელსონისგან  მოიპოვეს.

ასევე საინტერესოა ჩინური სტარტაპ Meicai-ის ისტორიაც. კომპანიამ 2014 წლის შემდგომ 2,8 მილიარდი ამერიკული დოლარის შემოსავლები მიიღო, თუმცა არც  2018 წელი აღმოჩნდა წაგებიანი, პირიქით. მან თანხები 477 ამერიკული დოლარით გაზარდა. სტარტაპი ეხმარება ფერმერებს სხვადასხვა მცენარის თესლების გაყიდვაში. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რის ხარჯზე მოახერხა Meicai-მ გამდიდრება,  ეს ძირითადად სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიას უკავშირდება. მათ შორის Tiger Global Management-სა და China Media Capital-ს. ამ ორი კომპანიის წყალობით სტარტაპმა თავისი სიტყვა თქვა საერთაშორისო ბაზარზე. 

კიდევ ერთი წარმატებული ჩინური სტარტაპ-კომპანია –  Caocao Zhuanche-ა,  რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა: მართავს ელექტრონული და ჰიბრიდული ავტომობილების ავტოპარკს, შესაბამისად, მომხმარებლები მათი საშუალებით სარგებლობენ სხვადასხვა მომსახურებით, მათ შორის არის:  ტაქსი, მანქანის გაქირავება და ასევე  საქალაქთაშორისო ტურების უზრუნველყოფა. კომპანიას ფილიალები ჩინეთის 17 სხვადასხვა ქალაქში აქვს განთავსებული, რომლებიც ჯამში 12 ათას მძღოლ-თანამშრომელს აერთიანებენ და დღის განმავლობაში დაახლოებით 150 ათას შეკვეთას იღებენ. ასეთია სამი წლის კომპანიის ანგარიში, რომლის ღირებულება დღესდღეობით მილიარდ 600 მილიონი ამერიკული დოლარია, წლიური მატება კი 380 მილიონს შეადგენს. 

„ჩვენი სიმდიდრე დამოკიდებული იყო ესპანეთის საზღვრებს გარეთ მუშაობაზე და თუ არ გავიდოდით ქვეყნიდან, ეს  კომპანიის დასასრული იქნებოდა”, – ამბობს კომპანია Cabify-ის გენერალური დირექტორი. სტარტაპის მთავარ დამფინანსებლად ადგილობრივი ბიზნესები მოიხსენიებიან. მათ მრავალ კომპანიასთან აქვთ კომუნიკაცია, რაც მათ საქმიანობის განვითარებაში ეხმარება. მარტივი აპლიკაციით ავტომობილების დაქირავება ისეთ ქვეყნებშია შესაძლებელი, როგორიცაა ესპანეთი, ჩილე, პერუ, მექსიკა და კოლუმბია. Cabufy წელს 410 მილიონით გამდიდრდა. ხოლო მთლიანმა შემოსავლებმა მილიარდ 400 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. 

Snowflake – სახელს ალბათ თოვლის ასოციაციამდე მიჰყავხართ, თუმცა სტარტაპ-კომპანიას სრულიად სხვა მიმართულება აქვს აღებული. ეს არის კორპორაცია, რომელიც ინახავს, ანალიზს უკეთებს და აარქივებს მონაცემებსა და მნიშვნელოვან ინფორმაციებს. ასევე ეხმარება მსხვილ კომპანიებს მნიშვნელოვანი დოკუმენტების სარეზერვო ასლების შექმნაში, მათ უსაფრთხოებასა და ხელშეუხებლობაში. Snowflake – ის ჯამური ღირებულება 1,8 მილიარდი დოლარია, მატება კი 470 მილიონ ამერიკულ დოლარს სცდება.

რეიტინგში მედიცინის თემებზე მომუშავე სტარტაპიც მოხვდა. HeartFlow ექიმებს გულსისხლძარღვთა დაავადებების აღმოჩენაში ეხმარება. კომპანიამ დაფინანსება ისეთი ინვესტორებისგან მიიღო, როგორიცაა  US Venture  და Ge Ventures.  რაც შეეხება HeartFlow-ს, ის ბიზნესინსაიდერის რეიტინგში მე-6 ადგილს მილიარდ 500 მილიონი ამერიკული დოლარით იკავებს. 2018 წელს კი სტარტაპი 467 მილიონით გამდიდრდა. 

სიაში მოხვდა  ასევე სტარტაპ-კომპანია, რომელიც საკუთარ 57-მილიონდოლარიან მოგებას, ისიც მხოლოდ მიმდინარე წლის მონაცემით, მარიხუანას უკავშირებს. MedMen-ი, ასე უწოდეს სამხრეთ კალიფორნიაში, 2010 წელს დაფუძნებულ მარიხუანას უმსხვილეს რიტეილერ კომპანიას, რომლის ჯამური ღირებულება ზუსტად მილიარდი დოლარია. საქმიანობის არეალი კი, გარდა კალიფორნიისა, ლას-ვეგასსა და ნიუ-იორკსაც ფარავს. 

OrCam Technologies-ი კი უსინათლო  ადამიანებისთვის ქმნის ტექნოლოგიებს, რომლებიც მათ გარემოს აღქმაში ეხმარება. სტარტაპი დაფინანსებას სხვადასხვა ადგილობრივი ჰოლდინგისგან იღებს. 2010 წლიდან დღემდე კომპანიის ანგარიშზე მთლიანობაში 1 მილიარდი ამერიკული დოლარი ირიცხება. სტარტაპის უახლესმა ტექნოლოგიებმა განსაკუთრებული ინტერესი 2018 წელს დაიმსახურა, შესაბამისად, კომპანიამ დამატებით კიდევ 130 მილიონი ამერიკული დოლარის მოზიდვა შეძლო. 

სიაში მოხვდა ამერიკული საჭმლის მიტანის სერვისი – DoorDash-იც, რომელსაც ფინანსური დახმარება თავდაპირველად SoftBank-მა გაუწია, თუმცა წარმატების მთავარი სტიმულატორი, დამფუძნებლის თქმით, მომხმარებლის ნდობა, სწრაფი და, რაც მთავარია,  ხარისხიანი მომსახურებაა. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, კომპანიამ წელს 722-მილიონდოლარიანი მოგება აჩვენა, ხოლო ჯამურმა ღირებულებამ მილიარდ 400 მილიონს გადააჭარბა. 

რეიტინგს ბრაზილიური საფინანსო კომპანია Nubank-ი ასრულებს, რომელიც თავის მომხმარებლებს უპროცენტო საკრედიტო ბარათებს სთავაზობს. ბარათი ასევე დაკავშირებულია აპლიკაციასთან, რაც კლიენტებს ფინანსების მართვას უმარტივებს. საფინანსო კომპანია სახსრების მოძიებას გლობალური საინვესტიციო კომპანიებისგან ახერხებს, უფრო კონკრეტულად კი მისი პარტნიორები Redpoint Ventures-ი და Ribbit Capital-ი არიან.