აზიის განვითარების ბანკი (ADB) თავის ახალ კვლევაში საქართველოში, მონღოლეთსა და ფილიპინებში ქონებაზე საკუთრების უფლების გენდერულ უთანასწორობას მიმოიხილავს.
საქართველოში ჩატარებული კვლევა 3160 ოჯახის მონაცემებს აერთიანებს, როგორც ქალაქებში ასევე სოფლად. თითოეულ ოჯახში 18 წელს გადაცილებული მაქსიმუმ 3 პირი გამოკითხეს, – ჯამში 5,937 პირი – მათი 57.9% კი ქალი იყო. გამოკითხული პირების 66.1% ქორწინებაში იმყოფებოდა, 19.3% განქორწინებული/ქვრივი იყო, ხოლო 14,6 % დაქორწინებული არასდროს ყოფილა. გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობას, – 43.4%-ს საშუალო განათლება აქვს მიღებული.
კვლევის შედეგებით, საქართველოში, საცხოვრებლის მფლობელობაზე განსხვავება ქალებსა და კაცებს შორის 5%-ია და შესაბამისად თუკი საცხოვრებელს კაცების 80% ფლობს, ქალების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 76%-ია. ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწებს გამოკითხულ კაცების 48% ფლობს, ქალების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 34%-ია.
კვლევაში მონაწილე ყველა ქვეყანაში ქონების დაკანონების მაჩვენებელი დაბალია. საქართველოში დაკანონებულ და დაუკანონებელ ქონებას შრის სხვაობა 4%-დან 43%-მდე მერყეობს.
საქართველოში გამოკითხული რესპოდენტების 40% დაკავებულია მესაქონლეობის დარგით. თუმცა საქონელს კაცების 33% და ქალების 18% ფლობს. სასოფლო-სამეურნეო მსხვილ აღჭურვილობას ქალების მხოლოდ 1% ფლობს, კაცების კი 6%.
საქართველოში საკმაოდ დიდია განსხვავება დაკანონებულ და დაუკანონებელ ქონებას შორის, – თუკი გამოკითხული კაცების 80% ამბობს, რომ ისინი საცხოვრებელი სახლის მფლობელები არიან, აღნიშნული საცხოვრებელი დაკანონებული კაცების მხოლოდ 46%-ს აქვს, ქალების შემთხვევაში კი საცხოვებელს გამოკითხული რესპოდენტების 76% ფლობს, დაკანონებული კი მხოლოდ 33%-ს აქვს.
დაკანონებულ სასოფლო-სამეურნეო მიწას ქალების მხოლოდ 13% ფლობს, კაცების კი 31%.
რაც შეეხება სხვა სახის უძრავ ქონებას, – საქართველოში მას კაცების 16% და ქალების 10% ფლობს, – დაკანონებულს კი შესაბამისად 11% და 6%.
კვლევის შედგებით, გენდერული უთანასწორობა ყველაზე მაღალი მონღოლეთშია, – თუკი ქვეყანაში საცხოვრებელს კაცების 60% ფლობს, ქალების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 33%-ია.