26 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა (IFC) და მდგრად საბანკო ქსელთან (SBN) თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ IFC-ის ექსპერტები, SBN-ის წევრი ქვეყნებისა და რეგიონის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები, საფინანსო ორგანიზაციების პრეზიდენტები/აღმასრულებელი დირექტორები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
სამუშაო შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გახსნა. კობა გვენეტაძემ ხაზი გაუსვა გარემოსდაცვითი, სოციალური და მდგრადი განვითარების საკითხების მნიშვნელოვან როლს ქვეყნის არამარტო ფინანსური სტაბილურობის, არამედ მდგრადი განვითარების კუთხითაც.
“მდგრადი განვითარების საკითხები მსოფლიოში დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება. წამყვანი ცენტრალური ბანკები აქტიურად განიხილავენ გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს. ჩვენ, ეროვნულ ბანკში, კარგად გვესმის ფინანსური სისტემის როლი მდგრად განვითარებაში და აქტიურად ვმუშაობთ მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განსავითარებლად იმ ქვეყნებთან, რომელთაც უკვე განავითარეს ასეთი ჩარჩო, და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელთაც დაუგროვდათ მდიდარი გამოცდილება ამ მიმართულებით”, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ეროვნული ბანკი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს მდგრადი დაფინანსების ხელშეწყობის მიმართულებით. ამ მხრივ პირველი ნაბიჯი 2017 წლის სექტემბერში მდგრად საბანკო ქსელში (Sustainable Banking Network, SBN) გაწევრიანება იყო. გატარებული იქნა რიგი ღონისძიებები ცნობადობის ასამაღლებლად და შემუშავებულ იქნა სამუშაო გეგმა მდგრადი დაფინანსების ხელშესაწყობად. მდგრადი დაფინანსების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “თიბისი კაპიტალთან” თანამშრომლობით ქართულ ენაზე თარგმნა კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო ასოციაციის (International Capital Market Association, ICMA) მწვანე, სოციალური და მდგრადი განვითარების ობლიგაციების პრინციპები, რომელიც ICMA-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
“მდგრადი განვითარება ბიზნესის წარმატების აუცილებელი წინაპირობაა. დღევანდელი დღე არის მდგრადი დაფინანსების რეფორმის დასაწყისი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ფინანსური სისტემისა და კომპანიების მმართველობის გაუმჯობესებასა და გარემოსდაცვით საკითხებზე ორიენტირებულობას”, – აღნიშნა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში, იან ვან ბილსენმა.
შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე გამოწვევები მდგრადი დაფინანსების განვითარების კუთხით, მათ შორის, განვითარებად ქვეყნებში სოციალური და მწვანე ობლიგაციების ბაზრისა და მწვანე კრედიტის განვითარების შესაძლებლობები, გარემოსდაცვით საკითხებზე გამჭირვალობის გაუმჯობესება, ფინანსური ზედამხედველობის როლი და არსებული რეგულატორული გამოცდილება და ინიციატივები.
სამუშაო შეხვედრის შემდეგ გაიმართა ეროვნული ბანკისა და IFC-ის ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და IFC-ის რეგიონალურმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიისთვის, ისაუბრეს მდგრად დაფინანსებაზე როგორც პრიორიტეტულ მიმართულებაზე და სამომავლო გეგმებზე. აქვე ხელი მოეწერა შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ.