საქართველოში ფრანგული ყავის ბრენდი „მალონგო“ შემოვიდა. ერთი მილიონი ევროს ინვესტიციით თბილისში, კერძოდ კი აბაშიძის ქუჩაზე „მალონგოს“ პირველი ობიექტიც გაიხსნა. ორწლიანი მოლაპარაკების შედეგად ფრანშიზის უფლება კომპანია „ილ დე ფრანსმა“ ათი წლით მოიპოვა.
„მალონგოს“ ობიექტში მისულ მომხმარებელს ფრანგულ ყავასთან ერთად, ფრანგულ საკონდიტრო ნაწარმს, ჩაის და ასევე ღვინოსაც შესთავაზებენ. მსგავსი ტიპის კაფეები „მალონგოს“ ბრენდისთვის არ იყო დამახასიათებელი, ქართულმა კომპანიამ კი, ფაქტობრივად, ფრანგული ბრენდის ისტორიაში ახალ კონცეფციას ჩაუყარა საფუძველი.
„ჩვენი ფართიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ამ სივრცეში ფრანგული ბულანჟერია, გასტრონომიაც შემოგვეტანა. შედეგად მივიღეთ ერთ სივრცეში ოთხი ტიპის ბიზნესი, რომელიც ფრანგებისთვის უცხო იყო. თავიდან გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ბოლოს შევთანხმდით და უკვე თავადაც მოუნდათ ამ კონცეფციის მაიამისა და ნიუ-იორკშიც გავრცელება“, – აღნიშნა თემურ ქურხულმა, რომელიც „ილ დე ფრანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.
„ქართველებისა და ფრანგების გემოვნება კვების ნაწილში ემთხვევა ერთმანეთს. ორივეს გვიყვარს სასიამოვნო მომენტების გაზიარება. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ ბაზარზე ბრენდის განვითარების კარგი წინაპირობა არსებობს“, – აღნიშნა გახსნის ცერემონიალზე „მალონგოს“ ექსპორტ-მენეჯერმა, ენდი როდრიგესმა.
„მალონგოს“ კაფე საქართველოში 28 ივნისს გაიხსნა, თუმცა ბრენდმა „მალონგომ“ ისტორიის წერა 1934 წელს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დაიწყო. ბრენდის თავისებურება ყავის კულტურის პოპულარიზაციაში, მისი მარცვლების სამართლიანი ვაჭრობით მოპოვებასა და ორგანული პროდუქტის წარმოებაში გამოიხატება და სამართლიანი ვაჭრობის ბაზარზე ლიდერობით სარგებლობს.
“ორგანული ყავის წარმოებასთან ერთად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ღირებულებები, რომლებიც ბრენდის შექმნას უდევს საფუძვლად – მოხალული ყავის არომატის შენარჩუნება და ყავის პლანტაციის ფერმერების პატივისცემა ის ძირითადი ფასეულობებია, რომლებიც ბრენდის ხარისხის შენარჩუნების წინაპირობად იქცა”, – ამბობენ კომპანიაში.
როგორც „ილ დე ფრანსში“ აცხადებენ, განსაკუთებულ სირთულეს წარმოადგენდა ის, რომ საქართველოში ამ ბიზნესს საძირკველი პოსტანდემიურ რეალობაში ჩაეყარა. თუმცა, მათივე თქმით, მიუხედავად სირთულეებისა, პირველად „მალონგოს“ ისტორიაში მულტიფუნქციურად დატვირთული ობიექტი, სადაც „მალონგოს“ კაფესთან ერთად განთავსებულია ფრანგული საკონდიტრო, რესტორანი და ფრანგული გასტრონომიული სივრცე, ქართულ ბაზარზე უმაღლესი ხარისხის სტანდარტის შექმნას შეძლებს.
მულტიფუნქციურ ობიექტზე 60-მდე ადამიანია დასაქმებული. „ილ დე ფრანსმა“ კონტრაქტის თანახმად მომდევნო ათი წლის განმალობაში საქართველოში კიდევ ათი ობიექტი უნდა გახსნას. დამატებითი ფილიალების გახსნას უახლოეს მომავალში თბილისის გარდა, ბათუმშიც უნდა ველოდოთ.