მომღერალმა ტეილორ სვიფტმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისი მაღალშემოსავლიანი Eras-ის ტურნეს დასრულებამდე, დასაქმებულთათვის რეკორდული მოცულობის ბონუსები გასცა. People-ის ინფორმაციით, მხოლოდ სატვირთოს მძღოლებისთვის სვიფტმა თითოეულის შემთხვევაში საჩუქრად $100,000 გაიღო.
თუმცა, ეს სულაც არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელი ვარსკვლავი თავისი დასაქმებულებისადმი და არამარტო მათდამი გულუხვი აღმოჩნდა.
გამოცემების ინფორმაციით, სვიფტმა აშშ-ის იმ ქალაქების საკვები ფონდებისთვის, რომელთაც 2018 წლის შემდეგ ჩატარებული მისი პირველი მუსიკალური ტურნეს ფარგლებში ეწვია, „გულუხვი შემოწირულებები“ გაიღო. ზუსტი ციფრები არ დაზუსტებულა თუმცა, ფლორიდის ქალაქ ტამპას საკვები ფონდის ინფორმაციით, მომღერლის მიერ გაღებული ქველმოქმედება ვიზიტორთა 125,000-ზე მეტჯერ გასამასპინძლებლად საკმარისია.
2021 წლის მარტში, GoFundMe-ის სვიფტმა და დედამისმა $50,000 შესწირეს იმ ოჯახის დასახმარებლად, რომლის მამაც Covid-19-ით გარდაიცვალა. GoFundMe-ის $13,000-ით დაეხმარა სვიფტი 2020 წლის დეკემბერშიც, რათა პანდემიის დროს, ერთ-ერთ დედას, რომლის ისტორიაც Washington Post-ში გავრცელდა, გადასახადების დაფარვაში დახმარებოდა.
გარდა ამისა, 2020 წლის მარტში, მომღერალმა Middle Tennessee-ის სასწრაფო დახმარების ფონდისთვის $1 მილიონი გაიღო, რათა ტორნადოს შემდგომ, რომელმაც 24 ადამიანი შეიწირა და ოლქების დიდ ნაწილში სახლები დააზიანა, აღდგენაში დახმარებოდა.
2018 და 2017 წლებში კი, სვიფტმა სექსუალურ ძალადობას გადარჩენილი პირების მხარდაჭერისთვის ორ სხვადასხვა ორგანიზაციას თანხაც შესწირა, მას შემდეგ რაც დენვერის დიჯეის წინააღმდეგ საკუთარი, სექსუალური ძალადობის საქმე მოიგო.
CNN-ის ცნობით, ამერიკელი მომღერლის ქველმოქმედებებს შორისაა 2016 წელს, ლუიზიანას წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთათვის გაღებული $1 მილიონიც – წყალდიდობას 13 ადამიანი ემსხვერპლა, 20,000 პირს კი, საცხოვრებლის შეცვლა მოუწია. გარდა ამისა, სვიფტმა 2015 წელს ნიუ-იორკის საჯარო სკოლებს $50,000 გადასცა, მას შემდეგ რაც მის სიმღერაში – „Welcome to New York“, პირობა დადო, რომ ქალაქის განათლების დეპარტამენტს დაეხმარებოდა.
რაც შეეხება სვიფტის Eras-ის ტურნეს ფარგლებში გაცემულ ბონუსებს, People-ის მონაცემებით, მისი საერთო მოცულობა სავარაუდოდ $5.5 მილიონს უტოლდება. აქედან, დაახლოებით $5 მილიონი სატვირთო მანქანების მძღოლებზე, ხოლო $500,000 ეკიპაჟის დანარჩენ წევრებზე გადანაწილდა.
Eras-ის ტურნეს დასრულების შემდეგ, გამოცემათა ნაწილი ტეილორ სვიფტს მილიარდერის სტატუსის მიღწევასაც უწინასწარმეტყველებს. Pollstar-ის მიერ ივნისში გაკეთებული შეფასებით, დასასრულს, ანუ 2024 წლის აგვისტოში, ტურნეს მიერ გამომუშავებულმა თანხამ შესაძლოა რეკორდულ $1.4 მილიარდს მიაღწიოს. ივნისის მონაცემებით, Eras-ის ბილეთების საშუალო ფასი $250-ს უდრიდა, 38 კონცერტზე საშუალო დასწრება კი, 54,000 მაყურებელს გაუტოლდა.