იაპონური ავტომწარმოებელი Toyota დამატებით 381 ათას ავტომობილს უკან გაიწვევს. Toyota Tacoma-ს მოდელების უკან გაწვევა უსაფრთხოების პოტენციური პრობლემების აღმოჩენას მოჰყვა. კერძოდ, დეფექტი აღმოჩნდა პიკაპის მოშვებულ ნაწილში, რომელიც შესაძლოა უკანა ღერძს გამოეყოს და ავარიის რისკი გაზარდოს.
კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზით, გაწვევა, ამერიკის შეერთებულ შტატებში 2022 და 2023 წლებში გამოშვებულ Toyota Tacoma-ს მოდელებს ეხება. წარმოების დროს, უკანა ღერძის ბოლოებზე შედუღების წიდის ნამსხვრევები დარჩა, რის გამოც, დროთა განმავლობაში ე.წ. „საკინძები“, რომლებიც ავტომობილის გარკვეულ ნაწილებს ამაგრებენ, შესაძლოა ნაკლებად მჭიდრო გახდეს და ღერძს გამოეყოს. დეფექტი საფრთხეს უქმნის ავტომობილის სტაბილურობას და ართულებს მუხრუჭების გამართულად მუშაობას.
გაწვევის შემდეგ Toyota-ს დილერები შეამოწმებენ პიკაპების უკანა ღერძს, მოშვებულ ნაწილს კი ხელახლა დაამაგრებენ. კომპანიის განცხადებით, შეკეთდება ან შეიცვლება დაზიანებული ნაწილები ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე. დეფექტებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მომხმარებლები ფოსტის საშუალებით, აპრილის ბოლოსთვის მიიღებენ.
გადაწყვეტილება Toyota-ს მიერ გასული კვირის განმავლობაში გაწვევის სერიის ნაწილია, რომელიც უკვე 683,000-ზე მეტ ავტომობილს შეეხო. გადაცემათა კოლოფში არსებული პრობლემების გამო, გასულ კვირაში, ავტომწარმოებელმა Toyota Tundra-ს, Sequoia-სა და Lexus LX 600-ის 280 ათასამდე მოდელიც უკან გაიწვია.