მილიარდერებმა, ილონ მასკმა და მარკ ცუკერბერგმა ერთმანეთი UFC-ის სტილის რინგზე საბრძოლველად გასულ თვეში გამოიწვიეს. თავდაპირველად შეთავაზება შედარებით აბსურდულად აღიქმებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ტექნოლოგიური გიგანტების ხელმძღვანელებს შორის ურთიერთობის ესკალაციამ კონკურენტებს შორის ფიზიკური ორთაბრძოლის შანსები ერთიორად გაზარდა.
UFC-ის სტილის, გალიისმაგვარ რინგზე დაპირისპირების იდეა პირველად ილონ მასკმა Twitter-ის საშუალებით გააჟღერა. Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თავისი სოციალური ქსელის კონკურენტ Threads-ზე შეკითხვას შემდეგნაირად უპასუხა: „მე მზად ვარ გალიაში დაპირისპირებისთვის, თუ თავადაც მზად იქნება lol“. ცნობისთვის, იმ დროისთვის ცუკერბერგის ახალი პლატფორმა ოფიციალურად გაშვებული არ გახლდათ.
მასკის გამოწვევას ცუკებერგმა მეორე დღესვე, Instagram-ის სტორის საშუალებით უპასუხა და Twitter-ის მფლობელს ორთაბრძოლისთვის ადგილმდებარეობის გაგზავნა სთხოვა. როგორც შემდგომში Meta-ს სპიკერმა დაადასტურა, ცუკერბერგმა მასკის შემოთავაზებას სრული სერიოზულობით უპასუხა. დაპირისპირებაში თავად UFC-იც მალევე ჩაერთო და ჩემპიონატის პრეზიდენტმა დანა უაიტმა სოციალურ ქსელში „ცუკერბერგი Vs მასკი“-ის მაისურების ვიდეოც განათავსა, რომელიც მისი შეძენის მსურველთათვის ვებგვერდზე ხელმისაწვდომი მალევე გახდა.
პირველ ივლისს, უაიტმა New York Times-საც განუცხადა, რომ ის მზად იყო სანახაობრივი მატჩის ორგანიზებისთვის, თუ ორივე მხარე ამის სურვილს გამოთქვამდა. უაიტის განცხადებით, ორთაბრძოლას, გამართვის შემთხვევაში, საქველმოქმედო ხასიათი უნდა მიეცეს.
სამ ივლისს, ილონ მასკმა UFC-ის ლეგენდა ჟორჟ-სენტ პიერთან, შერეული საბრძოლო ხელოვნების მწვრთნელ ჯობ დანაჰერთან და ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს შავი ქამრის მფლობელ ლექს ფრიდმანთან ერთად ვარჯიშის ფოტოები გამოაქვეყნა. მოგვიანებით, მასკის ბიოგრაფმა უოლტერ აიზექსონმა Twitter Spaces-ის სესიაზე განაცხადა, რომ, მისი აზრით, მილიარდერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მხოლოდ სოციალური მედიების CEO-ებს შორის კონკურენციის „მეტაფორაა“ და რეალურად, მისი განხორციელების შანსები საკმაოდ დაბალია.
თავის მხრივ, მარკ ცუკერბერგმა, რომელიც ჯიუ-ჯიტსუს საბრძოლო დისციპლინას ეუფლება, UFC-ის ჩემპიონებთან, ისრაელ ადესანიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც 12 ივლისის მდგომარეობით ჩანს, მილიარდერებს შორის შეთანხმება ჯერჯერობით არ შემდგარა.
DraftKings-ის დაწესებული ფსონებით, დაპირისპირების ფავორიტი მარკ ცუკერბერგია. DraftKings-ის გაანგარიშებით, ცუკერბერგის შეფასება -160-ია, რაც ნიშნავს, რომ ფსონების განმთავსებლებს, $100-ის მოსაგებად Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის მოგებაზე $160-ის დადება დასჭირდება, მასკის შემთხვევაში კი (+140), $100-ის ფსონი $140-იან მოგებას მოიტანს. სპორტული ფსონების კომპანია ცუკერბერგის ფავორიტობას მის ასაკსა და მუდმივ ფიზიკურ აქტივობას უკავშირებს. 52 წლის მასკი 1.85 მეტრზე მაღალია და თითქმის არასდროს ვარჯიშობს, როდესაც 39 წლის, 1.70 მეტრის სიმაღლის ცუკერბერგმა მაისში, ჯიუ-ჯიტსუს ტურნირზე ორი მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ცუკერბერგის Meta-მ Twitter-ის ალტერნატიული სოციალური ქსელი ოფიციალურად გასულ კვირას გაუშვა. გავრცელებული ინფორმაციით, აპლიკაციის გაშვებიდან მალევე, ილონ მასკი Meta-ს სასამართლოში ჩივილითაც დაემუქრა და „კომერციული საიდუმლოების მოპარვაში“ დაადანაშაულა.
Forbes-ის შეფასებით, ილონ მასკი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია და მისი ქონება $245.6 მილიარდს აღწევს. რაც შეეხება ცუკერბერგს, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში ის მეშვიდე პოზიციას იკავებს და $108.7 მილიარდის ქონებას ფლობს.