Vendoo – “ქართული Amazon” თიბისი ჯგუფისგან

Vendoo – “ქართული Amazon” თიბისი ჯგუფისგან

“თიბისი ჯგუფი” საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას იწყებს.

2019 წლის თებერვლისთვის ბაზარს ახალი ციფრული სავაჭრო პლათფორმა Vendoo შეემატება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულად და სწრაფად შეიძინონ პროდუქცია. მცირე და საშუალო მეწარმეებს კი, შეეძლებათ საკუთარი პროდუქცია ინტერნეტით მიაწოდონ საქართველოს მოსახლეობას.

Vendoo ონლაინ მაღაზია Swoop-ის ბაზაზე იქმნება, რომლის 100 პროცენტიანი წილიც “თიბისი ჯგუფმა” შეისყიდა. Swoop ბაზარზე კარგად ცნობილი, ონლაინ ფასდაკლებების და გაყიდვების კომპანიაა. იგი დარჩება ცალკე ბრენდად და გააგრძელებს იმავე საქმიანობას. არსებულ მომხმარებლებს კი შეეძლებათ ორივე ბრენდის ვებგვერდის მომსახურებით ისარგებლონ.

“ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, განვავითაროთ ელექტრონული კომერცია და დავეხმაროთ მეწარმეებს  უფრო ეფექტურად გაყიდონ თავიანთი პროდუქცია. Vendoo თავს მოუყრის ყველა სახის პროდუქციას, რომელიც იწარმოება საქართველოში ან შემოდის უცხოეთიდან. მომხმარებელს კი, შევუქმნით ღირებულ “ამაზონის” ქართულ ალტერნატივას, რომ სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი”, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძე.

Vendoo მომხმარებლებს შესთავაზებს პროდუქციის ფართო არჩევანს, პერსონალიზირებულ  შეთავაზებებს, განვადებას, ასევე, შეძენილი პროდუქციის სწრაფად მიტანასა და დაბრუნების მოქნილ პოლიტიკას. “პროდუქცია იქნება მრავალფეროვანი, პირველ რიგში დავიწყებთ ტექნიკით. გვექნება სხვადასხვა ფასის კატეგორია, მათ შორის იაფიანი პროდუქციაც, თუმცა ეს არ გულისხმობს უხარისხოს, ჩვენთვის ხარისხი ყველა საფასო კატეგორიაში მნიშვნელოვანია”, – აცხადებს Vendoo-ს პროექტის მენეჯერი, ამირან შეროზია.

ციფრული სავაჭრო პლატფორმა დაეხმარება მეწარმეებს ბიზნესის მასშტაბირებაში, რაც ხელს შეუწყობს მათ გაზარდონ გაყიდვები, მიიღონ ვაჭრობის დაფინანსება, აწარმოონ ონლაინ მარკეტინგი. Vendoo-ზე პროდუქციის განთავსება ნებისმიერ მწარმოებელს შეეძლება, მათ აქ დახვდებათ მზა ონლაინ პლათფორმა და საწყობი, ასევე, გამართული ლოჯისტიკა ელექტრონული ვაჭრობისათვის. “რაც შეეხება ფინანსურ პირობებს, ეს  დამოკიდებული იქნება ბრუნვაზე და იმ პროდუქციაზე, რასაც  ბიზნესის წარმომადგენლები ონლაინ  პლატფორმაზე განათავსებენ.”-აცხადებს ამირან შეროზია.

Vendoo-ს გუნდი 40 ადამიანისგან შედგება და ისინი სხვადასხვა სპეციალიზაციის წარმომადგენლები არიან: ექსპერტები , ტექნოლოგები, მარკეტინგის სპეციალისტები, ლოჯისტიკის, ხარისხის მართვის. ისინი აწყობენ ისეთ მიმართულებებს, რომლებიც  თიბისი ჯგუფს საშუალებას აძლევს “ამაზონის” ქართული ალტერნატივა შექმნან.

ციფრული სავაჭრო პლატფორმა ამაზე გაჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ უცხოეთის ბაზრებზეც გეგმავს გასვლას. Vendoo-ს პროექტის მენეჯერის თქმით: “ჯერ საქართველოში  ავაწყობთ ამ ონლაინ პლატფორმას, გავზრდით როგორც ბიზნესს, გაყიდვების რაოდენობას. შემდგომ კი ვნახავთ, რა პოტენციალი ექნება იგივე პლატფორმას სხვა ბაზარზე. თუ გადავწყვიტავთ სხვა ქვეყანაში შესვლას, რა თქმა უნდა, იგივე პლატფორმასა და ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ.”

ელექტრონული კომერცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი დარგია. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ის სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ახალი ციფრული პლატფორმა Vendoo ერთი მხრივ, გაუადვილებს მომხმარებლებს სასურველი პროდუქციის შეძენას, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას.