ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრენსონის კომპანია Virgin Galactic-მა კოსმოსში პირველი კერძო ტურისტული ფრენა განახორციელა. ფრენისთვის თვალის დევნება საზოგადოებას პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით ჰქონდა.
ნიუ-მექსიკოს კოსმოსური ცენტრიდან შესრულებული ფრენა ბრენსონის კომპანიისთვის, თითქმის ორი ათწლეულის მუშაობის შედეგია. ამავდროულად კი, Virgin Galactic-ი საბოლოოდ შეძლებს მოემსახუროს 800 ადამიანს, რომელთაც კოსმოსში მოგზაურობისთვის ბილეთები უკვე შეძენილი აქვთ. შეგახსენებთ, ივნისის ბოლოს, კომპანიამ დიდი ხნის ნანატრი პირველი კომერციული ფრენაც განახორციელა.
Virgin Galactic-ის პირველ კერძო ტურისტული მისიის ეკიპაჟის წევრებს შორის არიან ყოფილი ოლიმპიელი, ბრიტანელი ჯონ გულდვინი, დედა-შვილი კეიშა შაჰაფი და ანასტატია მაიერსი, რომელთაც ადგილები საქველმოქმედო გათამაშების წყალობით მიიღეს, მათთან ერთად კი, ორი პილოტი და Virgin Galactic-ის დამხმარე ასტრონავტი.
კომპანიის პირველი კერძო ტურისტული ფრენა, Virgin Galactic-ის კოსმოსური კომერციული სერვისის ამოქმედებიდან ერთ თვეზე მეტი ხნის თავზე შედგა. Galactic 01-ის მისიას კვლევითი დანიშნულება ჰქონდა და ეკიპაჟი იტალიის საჰაერო ძალებისა და იტალიის ეროვნული კვლევითი საბჭოს წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. ამჟამად კი მისიაში მონაწილეობა სამოქალაქო პირებმა მიიღეს.
ცნობისთვის, Virgin Galactic-ი კოსმოსში სამოგზაურო თითო ბილეთს $450,000-ად ყიდის.