მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიები - Forbes Global 2000

მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიები - Forbes Global 2000

ეკონომიკური სირთულეების, მაღალი საპროცენტო განაკვეთების, ინდუსტრიაში არსებული შეფერხებებისა და ჩიპების დეფიციტის ფონზე გასული წელი ტექნოლოგიური კომპანიებისათვის ნაყოფიერი გამოდგა.

Forbes-ის Global 2000-ის სიაში წელს 169 ტექნოლოგიური კომპანია მოხვდა. ეს რიცხვი კი შარშან 164-ს შეადგენდა. თუმცა მათი რაოდენობა 2021 წლის რეკორდულ მონაცემს მაინც ჩამორჩება (177). აღნიშნულ სიაში მოხვედრილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა გასული 12 თვის განმავლობაში მთლიანობაში $4.2 ტრილიონის შემოსავლები დააფიქსირა.

ტექნოლოგიური კომპანიების სიდიდე ჩვენ მიერ შემოთავაზებულ რეიტინგში რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება და აერთიანებს კომპანიის შემოსავალს, მოგებას, აქტივებსა და საბაზრო კაპიტალიზაციას.

მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის პირველობა 7-წლიანი ლიდერობის შემდეგ დათმო Apple-მა. ამჟამად მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანია Google-ის მფლობელი Alphabet-ი გახლავთ, რომელიც გლობალურად მე-7 ყველაზე დიდი კომპანიაცაა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას საფონდო ბირჟაზე 2021 წელს შესრულებულ პიკს 15% აკლია, Alphabet-მა გასული 12 თვის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის გაყიდვები შეასრულა ($282.8 მილიარდი).

რეიტინგში მეორე ადგილს Microsoft-ი იკავებს. მხოლოდ წელს კომპანიის აქციათა ფასები საფონდო ბირჟაზე 40%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მას 2% აშორებს. გასული და ბოლო 7 წლის ლიდერი Apple-ი წელს მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. მიუხედავად ამისა, Apple-ს მსოფლიოში ყველაზე დიდი საბაზრო კაპიტალიზაცია აქვს ($2.6 ტრილიონი). სიაში მისი დაქვეითება ორმა ფაქტორმა გამოიწვია. Apple-ის შემოსავლები ბოლო ორი კვარტალის განმავლობაში ზედიზედ შემცირდა. გარდა ამისა, კომპანიის აქტივები 13%-ით $332 მილიარდამდეა შემცირებული.

რეიტინგში მეოთხე და მეხუთე ადგილებს სამხრეთკორეული Samsung-ი და ამერიკული Facebook-ის მფლობელი Meta ინაწილებენ. ხუთეულს მიღმა, მეექვსე ადგილზე იმყოფება ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Tencent-ი. $75 მილიარდის შემოსავლით ნახევარგამტარების ტაივანური მწარმოებელი TSM-ი მე-7 პოზიციას იკავებს. მიუხედავად მცირე საბაზრო კაპიტალიზაციისა ($115.2 მლრდ), იაპონური Sony Corporation-ი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიების ათეულში მე-8 ადგილზეა წარმოდგენილი.

მე-9 და მე-10 პოზიციებით ათეულს კვლავ ამერიკული ტექკომპანიები, Oracle Corporation-ი და Cisco Systems-ი ასრულებენ.

პოზიცია

კომპანიაქვეყანაგაყიდვები

საბაზრო კაპიტალიზაცია

1Alphabet Inc.აშშ$282.8 მილიარდი$1.3 ტრილიონი
2Microsoft Corporationაშშ$207.6 მილიარდი$2.3 ტრილიონი
3Apple Inc.აშშ$385.1 მილიარდი$2.7 ტრილიონი
4
Samsung Group
სამხრეთი კორეა$220.1 მილიარდი$334.3 მილიარდი
5Meta Platformsაშშ$117.3 მილიარდი$599.8 მილიარდი
6Tencent Holdings Ltd.ჩინეთი$82.4 მილიარდი$415.4 მილიარდი
7Taiwan Semiconductor Manufacturing Co.ტაივანი$75 მილიარდი$423.2 მილიარდი
8Sony Corporationიაპონია$85.2 მილიარდი$115.2 მილიარდი
9Oracle Corporationაშშ$48 მილიარდი$261.8 მილიარდი
10Cisco Systems Inc.აშშ$53.2 მილიარდი$189.4 მილიარდი

საერთო ჯამში, მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიებიდან 72 სწორედ აშშ-შია დაფუძნებული. ჩინეთი, ტაივანი და იაპონია, შესაბამისად, სიაში 25, 15 და 12 კომპანიითაა წარმოდგენილი.