ჩინური ელექტრონული კომერციის გიგანტი, Alibaba Group Holding-ი თურქეთში ინვესტირებას გეგმავს. ამის შესახებ Alibaba-ს პრეზიდენტმა, მაიკლ ევანსმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს პირისპირ შეხვედრის დროს აცნობა. ინფორმაციას Alibaba-ს თურქული დანაყოფი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, Alibaba თურქეთში $2-მილიარდიანი ინვესტიციის განთავსებითაა დაინტერესებული. ცნობისთვის, Trendyol-ი, თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ელექტრონული კომერციის მსხვილი ვებგვერდი სწორედ Alibaba-ს ინვესტიციას წარმოადგენს. განცხადების თანახმად, Trendyol-ის სახით Alibaba-მ თურქეთში $1.4 მილიარდის ინვესტიცია უკვე განახორციელა.
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ში, ნიუ-იორკში გაეროს 78-ე გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ჩავიდა. ვიზიტის პარალელურად კი ის შეხვედრებს ბიზნესის წარმომადგენლებთანაც მართავს. მაგალითად, Alibaba-ს გარდა ის Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორსა და ამერიკელ მილიარდერ ილონ მასკს შეხვდა და მას თურქეთში Tesla-ს ქარხნის გახსნის თხოვნით მიმართა.