ილონ მასკის X Corp-ს ანუ ყოფილ Twitter-ს ფლორიდის ფედერალურ სასამართლოში უჩივიან. მოსარჩელე ერთ-ერთი ამერიკული იურიდიულ-მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც აცხადებს, რომ სოციალური მედიაგიგანტის ახალი სახელწოდება მათთვის სავაჭრო ნიშნით მინიჭებულ ექსკლუზიურობას არღვევს.
სარჩელის თანახმად, კომპანია X Social Media აცხადებს, რომ Twitter-ისათვის X Corp-ის დარქმევა მომხმარებლებს შეცდომაში შეიყვანს. აღნიშნული ბრალდება პირველი ოფიციალური საჩივარია, რომელიც ილონ მასკის X-ის წინააღმდეგ შეიტანეს. პოტენციურად ასეთი სარჩელების რაოდენობა შესაძლოა რამდენიმე ათეული იყოს, რადგან ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ასო X-ს ბრენდირებისთვის აქტიურად იყენებენ.
X-ი ფედერალურ სავაჭრო ნიშნად ასობით კომპანიას აქვს დარეგისტრირებული. მათ შორის არიან Microsoft-იც და Meta-ც. საკუთრივ X Corp-მა საკუთარი სავაჭრო ნიშნის დარეგისტრირებაზე ოფიციალური განაცხადი შესაბამის ორგანოში გასულ თვეს შეიტანა.
საჩივრის შესახებ კომენტარის გაკეთებისაგან ორივე მხარე ჯერჯერობით თავს იკავებს.
სარჩელის თანახმად, X Social Media ამ სახელს 2016 წლიდან იყენებს და შესაბამის სავაჭრო ნიშანსაც ფლობს. დღემდე კომპანიამ პოტენციურ მომხმარებლებზე გასასვლელად Facebook-ის რეკლამებისთვის $400 მილიონზე მეტი დახარჯა. კომპანიის განმარტებით, Twitter-ის რებრენდინგმა მომხმარებლები უკვე დააბნია და ეს კომპანიას შემოსავლების დაკარგვად დაუჯდა. X Social Media სასამართლოს ილონ მასკის X-ისათვის სახელის გამოყენების აკრძალვასა და ფულად კომპენსაციას სთხოვს.