Chevron-მა, აშშ-ის ნავთობის ინდუსტრიაში ბოლოდროინდელი ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგების ფარგლებში, Hess-ი შეისყიდა. გარიგების ღირებულება $53 მილიარდია. კომპანიების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამერიკული ნავთობგიგანტი Hess-ის თითო აქციისთვის $171-ს გადაიხდის.
გარიგების პირობებით, Hess-ის აქციონერები კომპანიის თითო აქციისთვის Chevron-ის 1.025 აქციას მიიღებენ, რაც კომპანიის მთლიან საწარმო ღირებულებას, დავალიანების ჩათვლით, $60 მილიარდად აფასებს. აღსანიშნავია, რომ Chevron-სა და Hess-ს შორის მიღწეული შეთანხმება, სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, მეორე მნიშვნელოვანი შეთანხმებაა აშშ-ის ნავთობის ინდუსტრიაში.
ცოტა ხნის წინ კიდევ ერთმა ამერიკულმა ნავთობგიგანტმა, ExxonMobil-მა, $58 მილიარდად ფიქლის ნავთობის მწარმოებელი კომპანია Pioneer Natural Resources-ი შეისყიდა. გარიგებამ გაამძაფრა ეჭვები იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ნავთობი და ბუნებრივი აირი ათწლეულების განმავლობაში, მსოფლიოს ენერგეტიკულ მიქსში კვლავ წამყვან როლს შეინარჩუნებს. აღნიშნული გარიგება Exxon-ს აშშ-ის უმსხვილეს ნავთობმწარმოებლად აქცევს.
„კომბინაცია საშუალებას აძლევს Chevron-ს, გააძლიეროს მისი გრძელვადიანი საქმიანობა და მეტად გააფართოოს ჩვენი უპირატესობის პორტფელი, მსოფლიო დონის აქტივების დამატებით“, – აღნიშნა კომპანიის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ ვირტმა განცხადებაში.