ბაზრის კვლევის ფირმა Gartner-ის პროგნოზით, ახალი მეთოდების გამოყენებით, 2027 წლისთვის საშუალოდ ელექტრომობილების წარმოება შიდაწვისძრავიანი ავტომობილების წარმოებაზე იაფი იქნება. Gartner-ი მოელის, რომ ელექტრომობილების წარმოება ელემენტების ღირებულებაზე სწრაფად გაიაფდება. ცნობისთვის, ელექტრომობილის ელემენტი ავტომობილის ყველაზე ძვირად ღირებული ნაწილია. ხშირ შემთხვევაში, ელემენტი ავტომობილის ღირებულების 40%-მდე შეადგენს.
კვლევითი კომპანიის განმარტებით, წარმოების თანამედროვე მეთოდები, მაგალითად, ავტომობილების ცენტრალიზებული არქიტექტურა ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს და ზოგავს დროსაც. ინდუსტრიაში საწარმოო სიახლე და ტექნოლოგიური განვითარება მეტწილად ამერიკული Tesla-ს ხარჯზე მოდის. Tesla ელექტრომობილების ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი იყო, რომელმაც წარმოებაში რობოტექნიკის აქტიურად გამოყენება დაიწყო.
სანაცვლოდ, Gartner-ი პროგნოზირებს, რომ ელექტრომობილის კონკრეტული ნაწილების შეკეთება ახლანდელზე მეტად გაძვირდება. მათი განმარტებით, მოსალოდნელია, რომ ელექტრომობილების ძარისა და ელემენტების შეკეთება 2027 წლისთვის 30%-ით გაძვირდეს.
საინტერესოა, რომ Gartner-ი 2027 წლისთვის გასული ათწლეულის განმავლობაში დაფუძნებული ელექტრომობილების მწარმოებლების 15%-ის გაკოტრებას ან გაქრობას პროგნოზირებს.