დღეს, ლონდონში საფონდო ბირჟის გახსნის შემდეგ, ქართული კომპანიების აქციათა ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა. შეგახსენებთ, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის: Georgia Capital-ის, TBC-ისა და BOG-ის აქციები ივაჭრება.
ამ მომენტისთვის TBC-ის აქციათა ფასი 9.76%-ით, 2,590 გირვანქა სტერლინგამდე შემცირდა. 12%-იანი ვარდნა აქვს საინვესტიციო კომპანია Georgia Capital-ის აქციათა ფასს და ამჟამად ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთი აქცია 910 გირვანქა სტერლინგად ივაჭრება. სავაჭრო დღე უარყოფითად გაიხსნა კიდევ ერთი ქართული ბანკისთვის. BOG-ის აქციების ფასი 7.12%-ითაა შემცირებული და ერთი აქციის ღირებულება 3,715 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასის კლება, დიდი ალბათობით, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებითაა განპირობებული. ინვესტორების მოლოდინები შედეგების ნახვის შემდეგ უარყოფითად შეიცვალა, რადგან სანქცირების რისკი გაიზარდა.
ფასების მსგავსი ვარდნა ქართულმა კომპანიებმა საფონდო ბირჟაზე რამდენიმე თვის წინ პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგად განიცადა.