ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე საპროტესტო ტალღის ფონზე, სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. „ქვეყანაში სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შესანარჩუნებლად, ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას“, – ასლან ბჟანიას პრესსამსახური ტელეგრამ არხზე მის განცხადებას აქვეყნებს. გადაწყვეტილება ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მმართველმა ოპოზიციასთან რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო.

შეგახსენებთ, აფხაზეთში ბოლო დღეებში დემონსტრაციები მიმდინარეობს, რისი მიზეზიც აფხაზურ-რუსული საინვესტიციო შეთანხმების ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებული რამდენიმე კანონია. კანონები, რომლებმაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია, აფხაზეთში რუსული ბიზნესებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ითვალისწინებდა. ცნობისათვის, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო კონსტიტუცია უცხო ქვეყნის მოქალაქეზე უძრავი ქონების გასხვისებას კრძალავს. ინვესტიციების მოზიდვის მიზნით კი, დე ფაქტო მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებისათვის უძრავი ქონების შესყიდვის უფლების მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.

მომიტინგეებმა სოხუმში რამდენიმე სამთავრობო შენობა დაიკავეს და ასლან ბჟანიას გადადგომა, ასევე რიგგარეშე არჩევნები მოითხოვეს. ბჟანიას გადადგომის მთავარი პირობა მომიტინგეების მიერ სოხუმში დე ფაქტო პარლამენტის შენობის გათავისუფლებაა. აღნიშნულ შენობაში გასულ პარასკევს სწორედ ზემოთ აღნიშნული საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება უნდა მომხდარიყო. მომიტინგეთა მხრიდან პროტესტის გამო კი დე ფაქტო პარლამენტის სხდომა ჩაიშალა.

ასლან ბჟანია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი 2020 წელს გახდა, მანამდე ის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იყო.