Palantir-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $200 მილიარდს გადააჭარბა

Palantir-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $200 მილიარდს გადააჭარბა

პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკული ფირმა Palantir-ის აქციების ღირებულებამ ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. ფასების ზრდა კომპანიის მიერ მეოთხე კვარტალის შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა. სამშაბათის მდგომარეობით, Palantir-ის თითო აქციის ღირებულებამ, 28%-იანი მატების შედეგად, რეკორდული $106.91 შეადგინა.

საფონდო ბირჟაზე დაფიქსირებული შედეგების გავლენით, ამერიკული Palantir-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $240 მილიარდს მიაღწია, რაც უფრო მეტია, ვიდრე American Express-ის ($221 მილიარდი), McDonald’s-ისა ($208 მილიარდი) და Disney-ის (207 მილიარდი) საბაზრო შეფასება. ბოლო მონაცემით, პროგრამული უზრუნველყოფის ფირმა MarketCap-ის მიერ $236.5 მილიარდად ფასდება, რაც მას მსოფლიოში 49-ე ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიად აქცევს.

Palantir-ის აღმასრულებელი დირექტორის, მილიარდერ ალექსანდერ კარპის განცხადებით, „AI-რევოლუციის ცენტრში ყოფნით“ კომპანია მნიშვნელოვან სარგებელს იღებს. 2024 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებით, Palantir-ის შემოსავლებმა, აქციაზე რეკორდული $0.14-ით, $828 მილიონს მიაღწია. FactSet-ის მონაცემებით, 2023 წელთან შედარებით კომპანიის შემოსავლები 7%-ითაა გაზრდილი.

Palantir-ის აქციების ღირებულება ბოლო ორი წლის განმავლობაში 10-ჯერაა გაზრდილი. ორიოდე წლის წინ, კომპანიის საბაზრო ღირებულება $20 მილიარდზე დაბალი იყო. 2024 წელს კომპანიის შემოსავლების 55% სამთავრობო კონტრაქტებზე მოდიოდა. რაც შეეხება კარპს, Palantir-ის აღმასრულებელი დირექტორის ქონების ღირებულება, აქციების სამშაბათის შედეგების გავლენით, $7.8 მილიარდიდან $9 მილიარდამდე გაიზარდა.