საქართველოში კერძო უნივერსიტეტები უხვად არის, რომლებიც უმაღლესი განათლების მომსახურებას არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ უცხოელ სტუდენტებს აწვდიან. ასეთი სტუდენტები კი ძირითადად განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებიდან საქართველოში სამედიცინო განათლების მისაღებად ჩამოსული ადამიანები არიან. უმეტეს შემთხვევაში, საერთაშორისო სტუდენტებისგან მიღებული შემოსავლები კი საქართველოში არსებული ავტორიზებული კერძო უნივერსიტეტების შემოსავლის არსებითი წყაროა. ამრიგად, უმაღლესი განათლება საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო მომსახურებაა.
2023 წლის მდგომარეობით, ავტორიზებული ოცი კერძო უნივერსიტეტის აქტივების ჯამმა 541.4 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო მათ მიერ მიღებულმა შემოსავლებმა 270.9 მლნ ლარი. წლის მანძილზე მიღებული ამონაგების 18.6%, 50.3 მლნ ლარი დაბეგვრამდე მოგება იყო. მათ შორის, ყველაზე მსხვილი, აქტივების 117.1 მლნ-იანი ღირებულებით საქართველოს უნივერსიტეტია, რომელსაც თბილისის თავისუფალი და კავკასიის უნივერსიტეტები მოსდევს.
წარმოგიდგენთ 2023 წლის მიხედვით ყველაზე მოგებიანი კერძო უნივერსიტეტების ათეულს:
1, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

„თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი“ სტუდენტებს აწვდის საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და პროფესიულ პროგრამებს. უნივერსიტეტს ფლობს ა(ა)იპ „ცოდნის ფონდი“, რომლის დირექტორის პოზიციას ანასტასია ბენდუქიძე იკავებს. 2023 წლის მდგომარეობით სტუდენტების რაოდენობა 3 ათასს აღემატებოდა.
2. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი

„თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ 1992 წლიდან არსებობს, ხოლო 2002 წლიდან კერძო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს. უნივერსიტეტის 100%-იან წილს ფლობს და მართავს ვალენტინა საყვარელიძე.
3. ევროპის უნივერსიტეტი

„ევროპის უნივერსიტეტი“ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში 2000 წლიდან არსებობს, რომელიც ამჟამად უმაღლესი განათლების მომსახურებას ორ – საბაკალავრო და სამაგისტრო – დონეზე ახორციელებს. უნივერსიტეტს სრულად ფლობს და აკონტროლებს ლაშა კანდელაკიშვილი.
4. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

„საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“ 90-იანი წლებიდან არსებობს, რომელიც ოთხი ფაკულტეტის ბაზაზე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს. უნივერსიტეტის 60%-ს თეიმურაზ ქორიძე ფლობს, ხოლო დანარჩენ 20-20%-ს- თეიმურაზ და გიორგი სართანიები.
5. ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი

„ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი“ (ბათუმი) ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში 2014 წლიდან არსებობს, რომელიც სტუდენტებს სამედიცინო განათლებას სთავაზობს. „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითის“ თურქეთში რეგისტირებული სააქციო საზოგადოება „უბით ბილგი თექნოლოჟილერი ენერჯი ვე დანიშმანლიქ ჰიზმეთლერი სანაი თიჯარეთი“ ფლობს.
6. კავკასიის უნივერსიტეტი

„კავკასიის უნივერსიტეტის“ ისტორია 1998 წლიდან იწყება. ამჟამად კი უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების ყველა საფეხურზე საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. „კავკასიის უნივერსიტეტის“ 80%-იან წილს ხატია გოგლიძე ფლობს, ხოლო 10.5%-ს – თორნიკე შენგელია. უნივერსიტეტის 2.5%-2.5%-ს ბორის ლეჟავა, მანანა თურქია და რატი სხირტლაძე ფლობენ.
7. ალტე უნივერსიტეტი

„ალტე უნივერსიტეტი“ 2002 წლიდან არსებობს, რომელიც ამჟამად საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ახორციელებს. უნივერსიტეტის 32.5%-ის მფლობელი და ხელმძღვანელი რამაზ კუკულაძეა. დანარჩენი მეწილეები დავით წიკლაური, არჩილ კონცელიძე, ნიკოლოზ გამყრელიძე, ავთანდილ ნამიჩეიშვილი, მარიამ მეღვინეთუხუცესი და ვანო ბალიაშვილი არიან.
8. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი“ 2011 წელს დაფუძნდა, რომელიც სტუდენტებს უმაღლესი განათლების მომსახურებას უწევს. უნივერსიტეტის 56%-ს აშშ-ის მოქალაქე განაპრია კანჩერლა ფლობს. უნივერსიტეტის რექტორის პოზიციას კი კახაბერ ლაზარაშვილი იკავებს.
9. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

„გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“ 1992 წლიდან არსებობს, რომელიც 11 საბაკალავრო, 5 სამაგისტრო და 4 სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს. უნივერსიტეტის 75%-იან წილს მამუკა თავხელიძე ფლობს, ხოლო 25%-იანი წილის მესაკუთრე ეკატერინე ბატიაშვილია.
10. საქართველოს უნივერსიტეტი

„საქართველოს უნივერსიტეტი“ უმაღლესი განათლების 8.5 ათასამდე ადგილობრივ და უცხოელ სტუდენტს ყველა საფეხურზე აწვდის განათლების მომსახურებას. უნივერსიტეტის 50%-იან წილს მანანა სანაძე ფლობს, ხოლო 37.5%-ს – გიული ალასანია. დანარჩენი 12.5%-ის მფლობელი ნიკოლოზ ალასანიაა. რექტორის პოზიციას კი კონსტანტინე თოფურია იკვებს.
მეთოდოლოგია
კერძო საკუთრებაში არსებული უნივერსიტეტების რეიტინგისთვის გამოყენებულია 2023 წლის ფინანსური მაჩვენებლები, რომელთა წყარო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშების პორტალში წარმოდგენილი ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებებია. მოგების მარჟა ნაჩვენებია დაბეგვრამდე მოგების შემოსავლებთან ფარდობით.
უნივერსიტეტის შერჩევისთვის გამოყენებულია I, II და III კატეგორიის საწარმოების 2023 წლის ხელმისაწვდომი ანგარიშები (reportal.ge-ზე 19.10.2025 მდგომარეობით).
Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

















