ერაყი Lukoil-ის West Qurna 2-ის ნავთობსაბადოს წილის ნაციონალიზაციას გეგმავს

ერაყი Lukoil-ის West Qurna 2-ის ნავთობსაბადოს წილის ნაციონალიზაციას გეგმავს

ერაყის მთავრობის გადაწყვეტილებით, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნავთობსაბადოს, West Qurna 2-ის ნაციონალიზაცია მოხდება. აღნიშნულის მთავარი მიზეზი ნავთობსაბადოს აქციონერი რუსული Lukoil-ია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მძიმე ამერიკული სანქციების ქვეშ მოექცა. ეს კი ნავთობსაბადოს შეუფერხებლად ფუნქციონირების რისკებს აჩენს.

Reuters-ის ინფორმაციით, ნავთობსაბადოს ოპერაციებს 12 თვით სახელმწიფო ნავთობკომპანია Basra Oil-ი გადაიბარებს. „ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ ნავთობმოპოვების პროცესი შეუფერხებლად იმ ფონზე, როდესაც ერაყი ამერიკული სანქციებით გამოწვეულ ბუნდოვანებას უმკლავდება. მომდევნო 12-თვიან პერიოდში კომპანია მოძებნის Lukoil-ის წილის პოტენციურ შემსყიდველებს“ – განაცხადა Basra Oil-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

ნოემბერში West Qurna 2-ის ნავთობსაბადოზე Lukoil-მა ფორს-მაჟორი გამოაცხადა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა კომპანიას მძიმე სანქციები დაუწესა. ფინანსური შეზღუდვების გამო საკუთარი შეთავაზებების განხორციელებისაგან თავი ისეთმა ინვესტორებმა შეიკავეს, როგორებიცაა: Exxon Mobil-ი, Chevron-ი და Carlyle.

ნავთობსაბადოს ადგილობრივი მენეჯერის მიერ Reuters-ისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, Basra Oil-ი პროცესის შეუფერხებლად გასაგრძელებლად „მაჯნუნის“ ნავთობსაბადოს ანგარიშებიდან ისეთ ხარჯებს დაფარავს, როგორებიცაა ადგილობრივი მუშახელის ხელფასები, საოპერაციო ხარჯები და ქვეკონტრაქტორების გადასახადები.

არსებული ინფორმაციით, West Qurna 2-ზე დღიური მოპოვების მოცულობა შენარჩუნებულია და 465,000-480,000 ბარელს შეადგენს.

ცნობისათვის, Lukoil-ი აღნიშნული ნავთობსაბადოს 75%-ს ფლობს და ეს საზღვარგარეთ რუსული კომპანიის ყველაზე მსხვილი აქტივია. სანქციების პირობების თანახმად, Lukoil-ს უცხოური აქტივების გასხვისებისთვის ვადა 17 იანვრამდე მისცეს. West Qurna 2-ის ნავთობსაბადო გლობალური წარმოების 0.5%-ზე, ხოლო ერაყში მოპოვების 9%-ზეა პასუხისმგებელი. აღსანიშნავია, რომ ერაყი საუდის არაბეთის შემდეგ OPEC-ის ყველაზე მსხვილი ნავთობმომპოვებელი სახელმწიფოა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.