Starlink-ის ინტერნეტი ირანში უფასო გახდა, თუმცა მას მთავრობა ახშობს

Starlink-ის ინტერნეტი ირანში უფასო გახდა, თუმცა მას მთავრობა ახშობს

მედიასააგენტო Iran Wire-ის ინფორმაციით, მიუხედავად ცნობებისა, რომ ირანში Starlink-ის ათიათასობით მოწყობილობა ფუნქციონირებს, ინტერნეტის ჩახშობის შემთხვევები სატელიტურ კავშირსაც შეეხო. გამოცემა წერს, რომ თავდაპირველად შეფერხება Starlink-ის ინტერნეტტრეფიკის 30%-ს შეეხო, მოგვიანებით კი ჩახშობის მაჩვენებელი 80%-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის ჩახშობის ასეთი მასშტაბი ირანში აქამდე არასდროს ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციების ჩახშობა ირანის ხელისუფლების მიერ კრიზისის კონტროლის ერთ-ერთ სტანდარტულ მექანიზმს წარმოადგენს, სატელიტური ინტერნეტკავშირის ჩახშობა რეჟიმისთვის მაინც რთულად განსახორციელებელ ამოცანად მიიჩნეოდა. თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთისგან მიღებულმა სამხედრო დანიშნულების ჩამხშობმა მექანიზმებმა საპირისპირო დაამტკიცეს.

ტექნიკურად, Starlink-ის ინტერნეკავშირის შესაფერხებლად, მიმღები მოწყობილობის GPS-ლოკატორის ჩახშობაა საჭირო. GPS-სიგნალების ჩახშობის გამოცდილება კი ირანს ისრაელთან უკანასკნელი დაპირისპირების დროსაც დაუგროვდა.

სხვადასხვა ონლაინფორუმზე დარგის სპეციალისტები ირანში მყოფ დემონსტრანტებს, რომლებიც Starlink-ის ინტერნეტს იყენებენ, შეზღუდვების გვერდის ავლისთვის გარკვეულ რჩევებს აძლევენ. Starlink-ის ინტერნეტით სარგებლობასთან დაკავშირებით დაბნეულობა იმითაცაა გამოწვეული, რომ სიგნალის ჩახშობის ზუსტი მექანიზმი უცნობია.

მოგეხსენებათ, ქვეყანაში კომუნიკაციების გათიშვის გამოცდილება ირანს 2019 და 2022 წლებშიც ჰქონდა, როდესაც იქ ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები იმართებოდა. თუმცა Starlink-ის კავშირგაბმულობის კონტროლი რეჟიმისთვის პროტესტის ჩახშობაში ახალ წარმატებას წარმოადგენს.

როგორც ცნობილია, Starlink-ის ინტერნეტკავშირის ჩახშობასთან დაკავშირებით ილონ მასკი სრულად ინფორმირებულია და საკუთარ ინჟინრებს გამოსავალზე მუშაობაც დაავალა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილონ მასკმა ირანში Starlink-ის მომსახურება უფასო გახადა.

საქმეს ისიც ართულებს, რომ WSJ-ის თანახმად, ირანის უსაფრთხოების სამსახურები Starlink-ის მომხმარებლების აღმოჩენას და მათ დაკავებას ცდილობენ, რათა პროტესტის შესახებ ვიდეოების გავრცელების პრევენცია მოახდინონ.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.