ფოტო: REUTERS/Dado Ruvic/Illustration
ახლო აღმოსავლეთში ირანზე თავდასხმები უკვე ერთ თვეზე მეტია, გრძელდება. 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანზე კომბინირებული საჰაერო იერიში მიიტანეს, რომლის მიზანიც ირანის სამხედრო შესაძლებლობების დასუსტება და პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლა იყო.
კოალიციური თავდასხმების შედეგად ირანის სულიერი უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია მოხდა. მის ნაცვლად კი ამჟამად ქვეყანას მისი ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი მართავს. ჯერჯერობით დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკებების შესახებ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ.
აშშ-ის მტკიცებით, ირანი შეთანხმების გაფორმებას ითხოვს, ეს უკანასკნელი კი აღნიშნულის სურვილს კატეგორიულად უარყოფს. პარალელურად, ირანში სახმელეთო სამხედრო ოპერაციის დაწყების შესაძლებლობა სულ უფრო იზრდება. ახლო აღმოსავლეთში შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა.
საინტერესოა, რომ მოვლენების ფონზე, პაკისტანი ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პოტენციური მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის ემზადება. თუმცა მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღების ოფიციალური მზაობა არც ერთ მხარეს არ გამოუთქვამს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ახალ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას „ძალიან გონივრული“ უწოდა. „მე ვფიქრობ, ჩვენ მათთან შეთანხმებას გავაფორმებთ. ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ შესაძლოა ვერ გავაფორმოთ“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან.
ირანის პარლამენტის თავმჯდომარის, მუჰამად ბაქერ ყალიბაფის განცხადებით, შეერთებული შტატები მოლაპარაკებების შესახებ მესიჯებს გზავნის, თუმცა ამავდროულად სახმელეთო შეჭრისთვის ემზადება. „სანამ ამერიკელები ირანის დანებებას მოითხოვენ, ჩვენ არასდროს შევეგუებით დამცირებას“, – განაცხადა მან.
















