ფოტო: hdmotori.it
Mercedes-Benz-მა გერმანულ სტარტაპ Tytan Technologies-თან პარტნიორობა დააანონსა. ცნობილი საავტომობილო ბრენდი ევროპის თავდაცვის ინიციატივას შეუერთდა და დრონსაწინააღმდეგო მანქანების დამზადებაში მიიღებს მონაწილეობას.
კერძოდ, Mercedes-Benz-მა ILA 2026-ის საერთაშორისო გამოფენაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც ის მცირე ზომის დრონების მოსაგერიებლად მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის სატრანსპორტო საშუალებებს დაამზადებს.
თავად კომპანიის განცხადებით, დრონებისგან თავდაცვის სისტემებისთვის პლატფორმად საკულტო G-class-ისა და Sprinter-ის მოდელებს გამოიყენებენ.
Mercedes-Benz-ამდე ევროპის თავდაცვის ინიციატივას კიდევ რამდენიმე ევროპული ავტომწარმოებელი შეუერთდა.
მარტში, ფრანგულმა ავტომწარმოებელმა Renault-მ დააანონსა, რომ სამხედრო და სამოქალაქო გამოყენების დრონების წარმოებას იწყებდა. გერმანულმა ავტომწარმოებელმა Volkswagen-მა კი ისრაელურ სამხედრო კომპანია Rafael-თან თანამშრომლობით, სარაკეტო თავდაცვის სისტემების ნაწილებისა და კომპონენტების წარმოების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
როგორც ჩანს, ელექტრომობილებზე შემცირებული მოთხოვნისა და ჩინური კომპანიების მხრიდან გაძლიერებული კონკურენციის მიზეზით ბაზრის წილის დაკარგვის გამო, ევროპული ავტომწარმოებლები ბიზნესის დივერსიფიკაციას ცდილობენ.
თუმცა ეს, ერთი შეხედვით, ახალი მიმართულება, ევროპული ავტომწარმოებლებისათვის არც ისე უცხოა. მოგეხსენებათ, მეორე მსოფლიო ომის დროს მსოფლიოს წამყვანმა საავტომობილო კომპანიებმა სამოქალაქო ტრანსპორტის წარმოება შეწყვიტეს და სამხედრო ტრანსპორტის წარმოებაზე გადაერთნენ. საკუთარი სახელმწიფოების საჭიროებისამებრ, ისინი სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების გარდა, თვითმფრინავების ძრავებს, ხშირად კი შაშხანებსა და ამუნიციასაც აწარმოებდნენ.
Mercedes-Benz-ი და Volkswagen-ი კი მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტური გერმანიის სამხედრო ძალებისთვის, ზემოთ აღნიშნული საშუალებების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებლები იყვნენ.















