ფოტო: Getty Images
„მსოფლიოს გემებო, ჩართეთ ძრავები. მიეცით ნავთობს დინების საშუალება!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
აღნიშნული სიახლის გავრცელების შემდეგ ნავთობის ფასმა კლება დაიწყო. თუმცა წინასწარი შეთანხმება მაინც არ არის სრულფასოვანი სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც უფრო ყოვლიმომცველი დოკუმენტი უნდა იყოს. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ირანის ბირთვული პროგრამის ბედი კვლავ გაურკვეველია.
მიუხედავად ამისა, მხარეების მიერ შეთანხმების მიღწევაზე ინფორმაციის გავრცელება 28 თებერვალს ომის დაწყებიდან დღემდე, სამშვიდობო ძალისხმევისაკენ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯია.
„ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმება მიღწეულია“ – დაწერა ტრამპმა Truth-ზე. მანამდე კი შეთანხმების მიღწევის შესახებ საზოგადოებას პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა ამცნო.
ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ოფიციალურად პარასკევს, შვეიცარიაში მოეწერება. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული პირობები ჯერჯერობით უცნობია, პაკისტანის პრემიერმა განმარტა, რომ შეთანხმების საგანი ომის ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივი და მუდმივი შეწყვეტა იყო.
შეგახსენებთ, ბირთვულ პროგრამასთან ერთად, მოლაპარაკებებში ერთ-ერთი წყალგამყოფი ლიბანის საკითხიც იყო. გასული კვირების განმავლობაში, ისრაელი და „ჰეზბოლა“ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას აიგნორებდნენ და საომარ მოქმედებებს აგრძელებდნენ.
ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს სამდივნოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ომი და სამხედრო ოპერაციები ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, ორშაბათს ღამიდან შეწყდება.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ყაზემ ღარიბაბადიმ, განაცხადა, რომ უფრო ფართომასშტაბიანი სამშვიდობო შეთანხმების პირობები 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში განიხილება, მათ შორის ირანისთვის სანქციების შემსუბუქების საკითხიც.
საინტერესოა, რომ აშშ-ირანს შორის შეთანხმების მიღწევაზე ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია ისრაელის ხელისუფლებას, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ ის აშშ-ირანის მოლაპარაკებებში მხარეს არ წარმოადგენდა.















