ფოტო: Dado Ruvic/Illustration/Reuters
აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება ბოლო პერიოდის განმავლობაში ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმებში რუსეთის პოტენციური ჩართულობით დაინტერესდა. საქმე ეხება ირანის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში განლაგებულ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ინფრასტრუქტურაზე მიტანილ იერიშს. ამერიკელი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთს შესაძლოა ირანისათვის სამიზნეების შესახებ ინფორმაცია ან დრონების მოწინავე ტექნოლოგია მიეწოდებინა.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის შესახებ ამერიკული მხარე ჯერჯერობით კონკრეტულ მტკიცებულებებს არ ფლობს, Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ჩართულობის შესახებ ეჭვი თავდასხმის ეფექტიანობამ, სიზუსტემ და რუსეთ-ირანის ტექნოლოგიურმა თანამშრომლობამ გააჩინა.
ცნობისათვის, რუსეთის მიერ ირანისთვის საინფორმაციო მხარდაჭერის აღმოჩენის შესახებ ცნობები აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა, რაც ამერიკელ ოფიციალურ პირებსაც დაუდასტურებიათ. თუმცა კონკრეტულად CIA-ს ინფრასტუქტურაზე თავდასხმაში რუსეთის ჩართულობაზე ინფორმაცია პირველად გავრცელდა.
Reuters-ის ინფორმაციით, მარტში ირანმა თავდასხმა რეგიონში CIA-ს, სულ მცირე, ორ ობიექტზე განახორციელა. ერთ-ერთი მათგანი კი საუდის არაბეთში CIA-ს მთავარი სადგური იყო, რომელიც რიადში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მდებარეობს. მეორე ობიექტი კი, გავრცელებული ინფორმაციით, აღმოსავლეთ ერაყში მდებარეობს. ცნობები CIA-ს ინფრასტრუქტურის დაზიანების ხარისხის შესახებ არ ვრცელდება.
თავდასხმებში რუსეთის პოტენციური ჩართულობის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთი დასავლური სადაზვერვო სააგენტოს შიდა დოკუმენტებშიც გამოჩნდა. გარდა ამისა, საუდის არაბეთში განხორციელებულ თავდასხმაში სავარაუდოდ ირანული Shaheed-ის რუსული ვერსიები გამოიყენეს.
მიუხედავად იმისა, რომ ირანი და რუსეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან და რუსეთის მიერ ირანისთვის საინფორმაციო-ტექნიკური მხარდაჭერა აშშ-ის მთავრობის გაოცებას არ გამოიწვევს, CIA-ს ინფრასტრუქტურაზე თავდასხმაში დახმარება აშშ-თან ესკალაციის სხვა განზომილებაში გადაყვანას ნიშნავს. აღნიშნული ნაბიჯი იმის დადასტურებაა, თუ რამდენად შორს არის წამსვლელი რუსეთი რეგიონში აშშ-ის ოპერაციებისთვის ხელის შეშლისთვის.
















