TOP 10: უძრავი ქონების მმართველი უმსხვილესი კომპანიები

TOP 10: უძრავი ქონების მმართველი უმსხვილესი კომპანიები

საქართველოში უძრავი ქონების სექტორი ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების წილი მთლიან ეკონომიკაში საშუალოდ 9.5%-ია. უძრავი ქონების მართვის სექტორის საქმიანობა ძირითადად სავაჭრო მოლებსა და ბაზრობებზე მართვას – კომერციული ფართების გაქირავებას მოიცავს.

2024 წლის ბოლო მონაცემებით, აღნიშნულ სექტორში ყველაზე მსხვილი ათი კომპანიის ჯამური ღირებულება ₾2.7 მილიარდი იყო. გთავაზობთ უძრავი ქონების მმართველი უმსხვილესი კომპანიების რეიტინგს მათი ღირებულების მიხედვით:

1. აი ჯი დეველოფმენტი (₾ 951.1 მლნ)

  • მოგება: ₾ 103.2 მლნ
  • ამონაგები: ₾ 112.1 მლნ
  • მესაკუთრე: მინდია საბანაძე (100%)

2010 წელს დაფუძნებული კომპანიის მთავარი საქმიანობა ქონების მართვა და კომერციული ფართების იჯარით გაცემაა სავაჭრო ცენტრებში – „სითი მოლი ქავთარაძე“, „სითი მოლი ვაჟა–ფშაველა“, „სითი მოლი გლდანი“ და ბიზნესცენტრი „სითი თაუერი“.

2. ისთ ფოინთი (₾ 505.8 მლნ)

  • მოგება: ₾ 25.1 მლნ
  • ამონაგები: ₾ 48.0 მლნ
  • მესაკუთრე: ოლეგ პავლოვი (100%)

შპს CBD Development–ი 2010 წელს საქართველოში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ფლობს სავაჭრო ცენტრს – „ისთ ფოინთს“ და კომერციულ უძრავ ქონებას დიღომი-გლდანის დამაკავშირებელი მაგისტრალის კვეთაზე.

3. ლილო მოლი (₾ 351.3 მლნ)

  • მოგება: ₾ 27.2 მლნ
  • ამონაგები: ₾ 41.2 მლნ
  • მესაკუთრეები: გია ანდღულაძე (14.28%), გიორგი გაგუა (11.28%), დავით გავაშელი (7.14%), მარიკა გავაშელი (7.14%) და სხვები.

კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ლილოს ტერიტორიაზე საიჯარო მომსახურება და ბაზრობის მოწყობა. შპს „ლილო მოლი“ 1995 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ამ პერიოდიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე.

4. მპ დეველოპმენტი (₾ 258.5 მლნ)

  • მოგება: ₾ 11.9 მლნ
  • ამონაგები: ₾ 32.5 მლნ
  • მესაკუთრეები: პაატა გამგონეიშვილი (50%), ლევან ფხაკაძე (25%) და სოსო ფხაკაძე (25%)

შპს „მპ დეველოპმენტი“ 2012 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ამ პერიოდიდან უძრავი ქონების სექტორში ოპერირებს. მისი ძირითადი საქმიანობა ქონების მართვა და კომერციული ფართების იჯარით გაცემაა.

5. თბილისი ცენტრალი (₾ 224.8 მლნ)

  • მოგება: ₾ 8.6 მლნ
  • ამონაგები: ₾ 13.1 მლნ
  • მესაკუთრეები: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ბობ მეიერი (წილების გადანაწილება უცნობია)

2006 წელს შეიქმნა სააქციო საზოგადოება „თბილისი ცენტრალი“, რომელმაც ამავე წელს 49-წლიანი იჯარით მიიღო თბილისის რკინიგზის სადგურის შენობა, სადაც მოაწყო სავაჭრო ცენტრი. მისი საქმიანობა სწორედ ამ ცენტრის მართვას უკავშირდება.

6. გალერია თბილისი (₾ 190.1 მლნ)

  • მოგება: ₾ 6.6 მლნ
  • ამონაგები: ₾ 40.0 მლნ
  • მესაკუთრე: ეკატერინე ხვედელიძე (100%)

შპს „გალერია თბილისი“ 2008 წელს დაარსდა, რომლის საქმიანობა ქონების მართვა და კომერციული სივრცეების იჯარით გაცემაა მის საკუთარ თანამედროვე მრავალფუნქციურ სავაჭრო მოლში – „გალერია თბილისში“.

7. თბილისი მოლი (₾ 121.8 მლნ)

  • მოგება: ₾ 3.9 მლნ
  • ამონაგები: ₾ 20.2 მლნ
  • მესაკუთრე: რას არ ხაიმას მთავრობა (100%)

2024 წლიდან „თბილისი მოლის“ ბრენდის ქვეშ ოპერირებს შპს „თბილისი მოლ ჰოლდინგი“, რომლის ძირითადი საქმიანობა გულისხმობს საცალო ვაჭრობისა და დასასვენებელი კომერციული ფართების უზრუნველყოფას თბილისში (დიღომი) სავაჭრო მოლსა და გასართობ კომპლექსში.

8. თი ელ ჯი* (₾ 83.2 მლნ)

  • მოგება: ₾ -1.8 მლნ
  • ამონაგები: ₾ 10.8 მლნ
  • მესაკუთრე: ბექა სურამელი (100%)

შპს „თი ელ ჯის“ ძირითადი საქმიანობა უძრავი ქონების გაქირავება და დასრულებული კომერციული ფართებისა და საცხოვრებელი ბინების ყიდვა-გაყიდვაა. კომპანია ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს.

9. ანი (₾ 50.6 მლნ)

  • მოგება: ₾ 3.5 მლნ
  • ამონაგები: ₾ 4.8 მლნ
  • მესაკუთრე: ვლადიმერ თუთისანი (100%)

შპს „ანი“ 2004 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ქუთაისშია რეგისტრირებული. მისი ძირითადი საქმიანობა საკუთარი ფართების იჯარით გაცემაა ბაზრობის ტერიტორიაზე.

10. ბიზნეს ცენტრი ვაჟაზე (₾ 47.4 მლნ)

  • მოგება: ₾ 6.1 მლნ
  • ამონაგები: ₾ 18.0 მლნ
  • მესაკუთრეები: სულხან პაპაშვილი (50%) და ლაშა პაპაშვილი (50%)

ბიზნესცენტრის ძირითადი საქმიანობა თბილისში საოფისე ფართების გაქირავებაა. შპს „ბიზნეს ცენტრი ვაჟაზე“ 1993 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ამ პერიოდიდან ოპერირებს.

*შენიშვნა: ღირებულება შეფასებულია საიჯარო შემოსავლების მიხედვით.


მეთოდოლოგია

კომპანიის ღირებულების შეფასებისთვის გამოყენებულია EV/EBITDA მიდგომა. კერძოდ, კომპანიის ღირებულება გამოთვლილია საოპერაციო მოგებას (ვალის მომსახურების ხარჯი, გადასახადები, ცვეთა და ამორტიზაცია) და განვითარებული ეკონომიკების ცალკეული ინდუსტრიებისთვის გაანგარიშებული მულტიპლიკატორის ნამრავლით, რომელსაც შემდეგ აკლდება კომპანიის წმინდა ვალი. საბოლოოდ მიღებული სიდიდე განხილულია, როგორც კომპანიის ღირებულება.

იმ შემთხვევაში, როცა კომპანიას საოპერაციო ზარალი აქვს (უარყოფითი მაჩვენებელი) და შემოსავლების დინამიკა იძლევა მომავალში მოგების მიღების პერსპექტივას, ღირებულების შესაფასებლად ვიყენებთ EV/Sales მიდგომას. კერძოდ, კომპანიის ამონაგებსა და მულტიპლიკატორს შორის ნამრავლს ვაკლებთ წმინდა ვალების მოცულობას.

კომპანიების ღირებულების შეფასება და რეიტინგის მომზადება ეფუძნება მათი 2024 წლის ფინანსურ ანგარიშებს, რომელთა წყარო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშების პორტალში წარმოდგენილი ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებებია. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოპოვებულია საჯარო რეესტრიდან, კომპანიის საკუთარი ვებგვერდიდან და სხვა საჯარო წყაროებიდან. კომპანიის რეგისტრაციისა და მესაკუთრის შესახებ ინფორმაცია მოპოვებულია საჯარო რეესტრიდან (16.06.2026 მდგომარეობით ხელმისაწვდომი). მოგება წარმოდგენილია გადასახადებამდე.

კომპანიების შერჩევა ეფუძნება შემდეგ რეიტინგებს: „უძრავი ქონების მმართველი უმსხვილესი კომპანიები“, „100 ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანია“ და „საქართველოს 100 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია“.

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი