ნორვეგია საჯარო სივრცეებში AI-სათვალეების გამოყენების დროებით აკრძალვს გეგმავს

ნორვეგია საჯარო სივრცეებში AI-სათვალეების გამოყენების დროებით აკრძალვს გეგმავს

ფოტო: REUTERS/Carlos Barria

 

ორშაბათს ნორვეგიის მთავრობამ განაცხადა, რომ გარკვეულ საჯარო სივრცეებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხელოვნური ინტელექტის მქონე სათვალეების გამოყენებაზე დროებითი აკრძალვის ინიციირებას გეგმავს. გადაწყვეტილება განპირობებულია შეშფოთებით, რომ შესაძლოა ადამიანების ნების საწინააღმდეგოდ ვიდეო- და ფოტოგადაღება განხორციელდეს.

ეს წინადადება ასახავს იმ ფართო გლობალურ უკმაყოფილებას, რომელიც კამერებით აღჭურვილ „ჭკვიან“ სათვალეებს უკავშირდება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხებს ეხება.

მთავრობის განმარტებით, აკრძალვა შესაძლოა გავრცელდეს ისეთ ადგილებზე, სადაც ხალხი რეგულარულად იკრიბება. მაგალითად: პარკებში, პლაჟებზე, მუზეუმებში, სავაჭრო ცენტრებსა და საჯარო ღონისძიებებზე. აკრძალვა ასევე შეიძლება შეეხოს სკოლებს, სათამაშო მოედნებსა და ახალგაზრდულ კლუბებს, ისევე როგორც პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობის თვალსაზრისით მგრძნობიარე ადგილებს: ექიმის კაბინეტებს, საცურაო აუზებსა და გასახდელების მქონე სპორტულ დარბაზებს.

„მაშფოთებს ის ფაქტი, რომ ინერგება ახალი, მძლავრი ტექნოლოგია, რომლის გამოყენებისას არსებობს რისკი, რომ ადამიანებს მათი ინფორმირების გარეშე გადაუღონ ფოტო ან ვიდეო ან ჩაიწერონ მათი საუბარი,“ – განაცხადა ნორვეგიის ციფრული ტრანსფორმაციისა და საჯარო მმართველობის მინისტრმა ტორგეირ მიკაელსენმა.

მთავრობამ აღნიშნა, რომ არ განიხილავს სრულ აკრძალვას და კვლავ დაშვებული იქნება მოწყობილობების პირადი გამოყენება, ასევე მათი ისეთი სახით გამოყენება, როდესაც სხვებს თანხმობის გარეშე გადაღების ან ჩაწერის რისკი არ ემუქრებათ.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.