ბიზნესის განწყობის ინდექსი. სამშენებლო და საფინანსო სექტორები საგაზაფხულო განწყობის გარეშე

ბიზნესის განწყობის ინდექსი. სამშენებლო და საფინანსო სექტორები საგაზაფხულო განწყობის გარეშე

2019 წლის პირველ კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) გაუმჯობესდა და 27.0 პუნქტამდე გაიზარდა, რაც 4.4 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა კვარტლის მაჩვენებელს. ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა საცალო ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორში. კვლევის მიხედვით, რომელსაც ICC, BIA და ISET ატარებენ, ვაჭრობის სექტორის აღნიშნული ზრდა უკავშირდება მიმდინარე საქმიანობის დადებით შეფასებას, მაშინ როცა მრეწველობის სექტორისთვის ზრდის მთავარი ფაქტორი პოზიტიური მოლოდინები იყო. მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც გასული სამი თვის ბიზნესის მდგომარეობას ასახავს, 2019 წლის მეორე კვარტალში 1.4 პუნქტით არის შემცირებული. 

მშენებლობისა და საფინანსო სექტორებში მოლოდინები მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

 

საცალო ვაჭრობა, მომსახურება და სოფლის მეურნეობა შემდეგ კვარტალში ფასების ზრდას ელიან, მაშინ როცა სხვა სექტორებში სავარაუდოა ფასების იმავე დონეზე შენარჩუნება, რაც წინა კვარტალში იყო. მოლოდინები და მიმდინარე მდგომარეობა გაუმჯობესებულია დიდი ზომის კომპანიებისთვის, ხოლო შემცირებულია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის. საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორად დიდი ბიზნესი ფინანსებზე ხელისაწვდომობას ასახელებს, მცირე და საშუალო ბიზნესი კი – მოთხოვნის სიმცირეს.

კვლევისთვის ჯამში 100-ზე მეტი კომპანიის გამოკითხვა ხდება.