6-7 მაისს თბილისის ვისკის ფესტივალი 2017 გაიმართება

6-7 მაისს თბილისის ვისკის ფესტივალი 2017 გაიმართება

საქართველოში, ბოლო პერიოდში, ვისკი საკმაოდ პოპულარული სასმელი გახდა, შესაბამისად, მასზე მოთხოვნაც გაიზარდა. ქართველთა გარკვეული ნაწილი, მისი ჭეშმარიტი თაყვანისმცემელია. თუმცა, არიან ისეთები, რომლებიც მხოლოდ მოდურობის გამო ეტანებიან ამ გენიალურ სასმელს და არ იციან, ამ მრავალფეროვანი გემოების უკან, რამხელა შრომა იმალება. ვისკი – ეს არის სასმელი, რომელმაც მსოფლიო აღიარება დიდი ხნის წინ მოიპოვა და ახლა, ჩვენს ქვეყანაშიც იმკვიდრებს ადგილს.

ვისკის კიდევ უფრო პოპულარიზაციის მიზნით, პირველად საქართველოში, 6-7 მაისს, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე, თბილისში, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” III პავილიონში ვისკის ფესტივალი გაიმართება.

ვისკის ფესტივალის ორგანიზატორები არიან ალკორიუმი და ვისკის სახლი.

დეტალებზე “GD ალკოს” გენერალურ მენეჯერს, გიორგი ბახტაძეს ვესაუბრეთ:

საიდან გაჩნდა ვისკის ფესტივალის ჩატარების იდეა?

ფესტივალის ჩატარების იდეა და ინიციატივა ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს სამომხმარებლო ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებისა და ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე გაჩნდა. მომხმარებელთა უმეტესობას შეზღუდული ინფორმაცია აქვს, თუ რას წარმოადგენს ვისკის კატეგორია, მისი წარმოებისა და დაძველების მეთოდები და ამ ფაქტორების გავლენა პროდუქტის ხარისხსა და მის გემოვნურ თვისებებზე.  ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ვისკის სწორი მოხმარებისა და ე.წ. “responsible drinking”- სასმელის ზომიერი და გონივრული მიღების კულტურის დანერგვა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენმა კომპანიამ – “GD ალკომ” და მისმა მსოფლიოში ცნობილმა ვისკის მწარმოებელმა, წამყვანმა პარტნიორმა კომპანიებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველად საქართველოში,  ვისკის ფესტივალი ჩავატაროთ.

რა სიურპრიზები ელოდებათ სტუმრებს ფესტივალზე?

ვისკის ფესტივალზე  სტუმრებს საშულება ექნებათ სასიამოვნო გარემოში გაეცნონ და დააგემოვნონ მსოფლიოში აღიარებული  ცნობილი ბრენდების პროდუქტები, მათი სხვადასხვა სახეობები (დაძველება, გემოვნური თვისებები, და ა.შ.) ასევე, საქართველოს ბაზარზე ახლახანს შემოსული საინტერესო ბრენდების პროდუქტები. სხვადასხვა მწარმოებლის ბრენდ ამბასადორები (ექსპერტები) ჩაატარებენ ე.წ. მასტერკლასებს. 6 მაისს დღის მანძილზე ჩატარდება 8 “მასტერკლასი”, სადაც მომხმარებლებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მიიღონ დეტალური და საინტერესო ინფორმაცია ამა თუ იმ ბრენდის, პროდუქტის, მისი ისტორიისა და ხასიათების შესახებ. სტუმრებს საშუალება ექნებათ საგამოფენო დარბაზის ტერასაზე განთავსებულ ბარში დააგემოვნონ ფესტივალზე წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ვისკით დამზადებული კოქტეილები. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის – სტუმრების განწყობაზე ოთარ მაღრაძის “ჯაზ ბენდი” იზრუნებს, ასევე, ჩატარდება სხვადასხვა გასართობი აქტივობა.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია?

სტუმრების რაოდენობა არ არის შეზღუდული – ჩვენ ველით ყველა ზრდასრულ მომხმარებელს, ვისაც აინტერესებს და უყვარს ვისკი. ფესტივალზე დასწრება ფასიანია, ბილეთის საფასურია 30 ლარი, თუმცა მათი რაოდენობა შეზღუდულია. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ – tkt.ge-ზე, ასევე ჩვენს მაღაზიათა ქსელში “ვისკის სახლებსა” და “ალკორიუმებში”.

ფესტივალის ჩატარებას მომავალ წელსაც გეგმავთ?

აუცილებლად, ფესტივალი არ იქნება ერთჯერადი ინიციატივა. უფრო მეტიც – ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სამომავლოდ, რეგიონის ტურისტულ მოვლენად ვაქციოთ, რათა მოხდეს არამარტო ქართველი მომხმარებლების, არამედ საქართველოში ტურისტების მოზიდვა.